ფრანგული გაზეთის „ლე ფიგაროს“ (Le Figaro) 22 ნოემბრის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „უკრაინა სამხედრო მარცხის წინაშე დგას: რუსებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ისინი არაჩვეულებრივად ამტანები არიან, საბჭოთა დიქტატურის წლებში გამოწრთობილები“ (ავტორი – იზაბელ ლასერი).
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
რა იქნება, თუ უკრაინა ომში დამარცხდება, რუსეთი კი გაიმარჯვებს? ამ კითხვას ჯერ კიდევ ადევს ტაბუ უკრაინელებსა და მათ დასავლელ მოკავშირეებს შორის, რადგან მას სერიოზული შედეგების გამოწვევა შეუძლია, განსაკუთრებით უკრაინელებში – მათთვის, ვინც ასეთ კითხვას დასვამს. მაგრამ 21-თვიანი ბრძოლების შემდეგ, როცა კონტრშეტევა ჩაიფუშა, როცა ფრონტის ხაზი ფაქტიურად უცვლელი და გაყინულია, ზოგიერთები მსგავსი კითხვის დასმას უკვე ფრთხილად, მაგრამ მაინც იწყებენ. დიახ, ჯერ ღია კითხვების დრო არ დამდგარა, მაგრამ უკვე რამდენიმე თვეა კიევიდან ცუდი ამბები მოდის, ქვეყნის წინაშე სულ უფრო მეტი პოლიტიკური და დიპლომატიური პრობლემები დგება.
რუსეთის პოტენციალის შეუფასებლობის შედეგი
პირველ რიგში ეს ეხება სამხედრო სფეროს, რომელშიც ჩიხური სიტუაცია უფრო ადრე გაჩნდა, ვიდრე შემოდგომის წვიმები და ზამთრის პირის ყინვები დაიწყებოდა. ზოგიერთები ჯერ კიდევ ზაფხულის დასაწყისში თვლიდნენ, რომ რუსეთის არმიის კრახი „დღეს თუ არა, ხვალ-ზეგ აუცილებლად მოხდებაო“, ან თუნდაც საშუალოვადიან პერსპექტივაში. ამჟამად ეს იმედი გამქრალია. „ევროპელებმა ობიექტურად ვერ შეაფასეს რუსეთის სამხედრო შესაძლებლობები“, – ამბობს ალენა გეტმანჩუკი, კიევის ანალიტიკური ცენტრის „ახალი ევროპის დირექტორი. რუსებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ისინი არაჩვეულებრივად ამტანები არიან, საბჭოთა დიქტატურის წლებში გამოწრთობილები, მათ შორის მეორე მსოფლიო ომის ტრადიციებზე გაზრდილები და მანამდე კი – რუსეთის იმპერიის, ცარიზმის პერიოდში.
რუსებმა ასევე აჩვენეს თავიანთი უნარი სამხედრო პირობებისადმი ადაპტირებაში, შეცვალეს რა თავიანთი ტაქტიკა მოწინააღმდეგის ტაქტიკის გათვალისწინებით: მაგალითად, რუსებმა „გაანადგურეს“ დასავლეთის მონოპოლია დრონების საკითხში. ამჟამად რუსეთი სულ-უფრო და უფრო მეტ საკუთარი წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს ამზადებს. რუსეთის სამხედრო მრეწველობა ომის პირობებს ემორჩილება – თუ მეორე მსოფლიო ომის დროინდელ გამოთქმას გავიხსენებთ, „წარმოება სამხედრო რელსებზეა გადაყვანილი“, იარაღის ქარხნები და ფაბრიკები სადღეღამისო რეჟიმით მუშაობენ. ამ ყველაფერს კი უძღოდა რუსეთის მეგობარი ქვეყნების – ირანისა და ჩრდილოეთ კორეის დახმარება.
რუსეთის ეკონომიკური კოლაფსი, რისი იმედიც დასავლეთს ჰქონდა სანქციების 12 პაკეტით, არ მომხდარა. მოსკოვმა მშვიდად აუარა გვერდი ემბარგოებს და აკრძალვებს თავისი მოკავშირეების დახმარებით. ის სოციალური უკმაყოფილება კი, რომლის გამოწვევას დასავლეთი ცდილობდა რუსეთის მოსახლეობაში – რუსული არმიის დიდი დანაკარგების პროპაგანდით, კრემლმა დროულად ჩააქრო დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებისადმი მატერიალური და ფინანსური დახმარების გაწევით. გარდა ამისა, რუსული საზოგადოება ყოველდღიურად უსმენს და უყურებს კრემლის პროპაგანდისტული მანქანის მუსაობის შედეგს.
რაც შეეხება დიპლომატიურ იზოლაციას, არც რუსეთის „გარიყვა“ არ მომხდარა: მოსკოვს მხარი დაუჭირეს (ან კრემლისადმი თავიანთი პოზიტიური ნეიტრალიტეტი გამოავლინეს) „გლობალური სამხრეთის“ ქვეყნებმა.
რუსეთის არმია განახლდა და მნიშვნელოვანი შევსება მიიღო ჯერ ე.წ. ნაწილობრივი მობილიზაციით, შემდეგ სამხედრო კონტრაქტების ფართო გავრცელებით. საბოლოო ჯამში კი უკრაინის არმიის მთავარსადალმა ვალერი ზალუჟნიმ ბრიტანულ ჟურნალ „ეკონომისტისათვის“ მიცემულ ინტერვიუში აღიარა, რომ მისი ჯარი ჩიხში აღმოჩნდა. მართლაცდა, სანამ უკრაინელები დასავლური იარაღის მორუგი ულუფის მიღებას უცდიდნენ, რუსები თავდაცვის ზღუდეებს აშენებდნენ და სიტუაციისადმი ადაპტირებას ახდენდნენ.
„ჰამასის“ თავდასხმა ისრაელზე: უკრაინისათვის ძალზე უდროო დროს
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მოულოდნელად დაწყებულმა ომმა კიევის იმედები დაჩრდილა: სულ რაღაც რამდენიმე საათში უკრაინა მსოფლიო მასმედიიდან ისე გაქრა, თითქოს ვიღაცამ ჯადოსნური ჯოხი აიქნიაო. ყველას ყურადღება ახლო აღმოსავლეთისკონფლიქტმა მიიპყრო.
„ჩვენ ამჟამად ისრაელთან კონკურენციაში ვართ ამერიკული საბრძოლო მასალების მიღების მხრივ. სამომავლოდ სიტუაცია უფრო გაუარესდება, როცა ამერიკულ თვითმფრინავებს „ფალკონებს“ (F-16-ებს) მივიღებთ. იმიტომ, რომ ასეთივე ავიაგამანადგურებლები აქვს ისრაელსაც და უკვე აშკარაა, ვის უფრო მეტად დაეხმარება იარაღით ამერიკა. პრინციპში, ამერიკა თავისი სამხედრო ბიუჯეტით oრივე ქვეყანას გაწვდება, მაგრამ ნატოს წევრებსაც დახმარება უნდათ. გარდა ამისა, დრო ჩვენს წინააღმდეგ მუშაობს“, – განმარტავს პავლე კლიმკინი, უკრაინის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი.
რუსეთის ხელმძღვანელებმა ეს ყველაფერი ძალიან კარგად იციან და მოვლენებს აჩქარებენ: რამდენიმე კვირაა ქვეყნის ოფიციალური პირები სულ უფრო ხშირად აკეთებენ ტრიუმფალისტურ განცხადებებს: „ვლადიმერ პუტინი ამჟამად ძალიან აქტიურია. მას სურს, რომ რუსეთის მოსახლეობამ ომის პოზიტიური შედეგები 2024 წლის მარტის არჩევნებამდე იხილოს. ამ თარიღამდე ომის დეესკალაცია არ მოხდება“, – გამაფრთხილებლად აღნიშნავს პავლე კლიმკინი. იმ დროს, როცა რუსეთის პრეზიდენტი აქტიურად გამოდის ანტიუკრაინული განცხადებებით, სახელმწიფო სათათბიროს სპიკერი, თავის მხრივ, ამტკიცებს, რომ „კიევს კაპიტულაციის გარდა სხვა გამოსავალი არ აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში უკრაინა თავის არსებობას შეწყვეტს“.
ევროპაში კრემლის მხარდამჭერებს რწმენა დაუბრუნდათ. ისინი გარკვეულ სარგებელს ხედავენ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკისა და გენერალ ვალერი ზალუჟნის უთანხმოებაში. ევროკავშირის ქვეყნებში და ამერიკაშიც ისევ დაიწყეს ლაპარაკი – „ახლა ომი მიდის. ერთი მხრივ. რუსეთისა და მეორე მხრივ – აშშ-ნატოს შორის, უკრაინა კი ამ ბრძოლაში მხოლოდ იარაღის როლს ასრულებს“. შეუძლებელია შეედავო იმ პროკრემლურ ანალიტიკოსებს, რომლებიც აცხადებენ, რომ ევგენი პროგოჟინის ამბოხებას რუსეთის ხელისუფლება არანაირად არ დაუსუსტებია.
რუსეთის ელიტა პუტინის ირგვლივ და დასავლეთის ახალი ხარჯები
რუსეთის ელიტა ვლადიმერ პუტინის ირგვლივ გაერთიანდა და შემჭიდროვდა. დღევანდელ პრეზიდენტს ხვალინდელი პრეზიდენტის გვირგვინი უკვე გარანტირებული აქვს – გაზაფხულზე ვლადიმერ პუტინს, დიდი ალბათობით, ახალი ვადით ისევ ქვეყნის მეთაურად აირჩევენ. „უკრაინის საკითხი ბრძოლის ველზე გადაწყდება. ცვენ მოლაპარაკებას არ დავიწყებთ. უკრაინას სამხედრო კრახი ელოდება, რომელიც მაისისთვის მოხდება“, – განაცხადა რუსული ელიტის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა. კრემლის მომხრეები ფსონს იმაზე დებენ, რომ უკრაინის არმიას მებრძოლები აღარ ჰყოფნის, ხოლო ევროპელები და ამერიკელები ომით „დაიღალნენ“. მათ კიდევ ერთი კოზირი აქვთ – ჯო ბაიდენის შესაძლო წასვლა თეთრი სახლიდან, მის ნაცვლად კი დონალდ ტრამპის მოსვლა. „დონალდ ტრამპი რთული პიროვნებაა, მაგრამ მასთან მოლაპარაკება შეიძლება“, – ამბობს ერთ-ერთი ევროპელი პოლიტიკოსი.
რუსეთის ბირთვული პოტენციალის გამო დასავლეთი შიშობს, რომ უკრაინამ „პუტინის წითელ ხაზს“ (ყირიმს და დონბასს) არ უნდა გადააბიჯოს, თორემ ასეთმა მოქმედებამ შეიძლება „აფეთქება“ და ესკალაცია გამოიწვიოს. ამიტომაც დასავლეთი უკრაინას ეკონომიურად, ნელა და გაჭიანურებულად ეხმარებოდა. ასეთმა დახმარებამ კიევს შესაძლებლობა მისცა წინააღმდეგობა გაეწია კრემლისათვის 21 თვის განმავლობაში, მაგრამ ეს არასაკმარისია რუსეთზე გასამარჯვებლად. დღეს, როცა აშშ იძულებულია მატერიალური და ფინანსური სახსრები ახლო აღმოსავლეთისაკენ მიმართოს, ხოლო 2024 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებმა შეიძლება კიევისადმი დახმარება „დამარხოს“, უკრაინის საკითხი ევროპელებს ისევ საფიქრალს უჩენს.
რუსეთის წინააღმდეგ ამერიკელებს ევროპელები ჩაანაცვლებენ?
ვერ ვიტყვით, რომ ევროკავშირის ქვეყნები უკრაინის დასახმარებლად აღებულ თავიანთ ვალდებულებებს არ ასრულებენ, განსაკუთრებით ფინანსურ-ეკონომიკურ სფეროში. მასზე თვით ახლო აღმოსავლეთის კრიზისმაც კი ვერ მოახდინა გავლენა – ბრიუსელი ამ მხრივ ურყევია. „უკრაინის დაცვა ჩვენთვის ისევ პრიორიტეტია, სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხი“, – ამბობს ერთ-ერთი ფრანგი ჩინოვნიკი, მაგრამ თუ სამხედრო სფეროს შევხედავთ, დავინახავთ, რომ ეს მხოლოდ სიტყვებია, პრაქტიკულად კი საქმე წინ ნელი ტემპით მიდის.
ევროკავშირი 2023 წლის დასაწყისში უკრაინას უცხადებდა, რომ 2024 წლის გაზაფხულამდე მილიონ ერთეულ საბრძოლო მასალას (ჭურვებს) მიაწვდიდა, მაგრამ ეს გეგმა ფქტიურად უკვე ჩაშლილია – დაპირება მხოლოდ 30%-მდეა შესრულებული, გაზაფხულამდე კი სამი თვე რჩება. ევროპის ეკონომიკის „სამხედრო რელსებზე გადასვლა“, რასაც მკაცრად ამტკიცებდა ზოგიერთი ფრანგი ლიდერი, არ განხორციელდა. „გეოპოლიტიკურად ერთიანი ევროპა“ და „სტრატეგიული ავტონომია აშშ-საგან“ მხოლოდ ლოზუნგებად დარჩა, რომლებიც პარიზს არ გასცილებია.
„პრობლემა ისაა, რომ ევროპელებს საკითხის გადაუდებლობის შეგრძნება არ აქვთ. დიდი ქვეყნები ამერიკული არჩევნების მოლოდინით ცხოვრობენ და იმედი აქვთ, რომ მანამდე უკრაინაში რაიმე სასწაული მოხდება. ყველას სჯერა, რომ გმირი უკრაინელები რუსებს წინააღმდეგობას კიდევ ერთი ან ორი წელი გაუწევენ დამატებითი დახმარების გარეშე, მაგრამ ეს ასე არ არის. ჩვენ არ შეგვიძლია ბოლო უკრაინელ ჯარისკაცამდე ბრძოლა“, – ამბობს ალენა ჰეტმანჩუკი. ევროპელებისაგან განსხვავებით, რომლებსაც პაციფისტური ხედვები აბრკოლებთ, განსაკუთრებით „ცივი ომის“ შემდეგ, ფრონტის ხაზზე მდგარი უკრაინა ფიქრობ გეგმა „ბ“-ის შესახებაც – იმ შემთხვევისათვის, თუ გამარჯვება ძალიან შორს იქნება. „ნატოში გაწევრიანება მე-5 მუხლის გარეშე მეტ-ნაკლებბად შესაძლებლობას მოგვცემს ოკუპირებული ტერიტორიები დიპლომატიური გზით დავიბრუნოთ. ჩვენ არამარტო ამბიციურები უნდა ვიყოთ, არამედ რეალისტურებიც. ჩვენ აღარ გვაქვს 100%-იანი გამარჯვების სცენარი, მაგრამ არ ვიცით – აქვს თუ არა დასავლეთს რაიმე სტრატეგია უკრაინის მიმართ? – ასეთი კითხვა აქვს ერთ-უკრაინელ მაღალჩინოსანს. მას ეჭვი ეპარება, რომ ნატოს 2024 წლის ივლისის სამიტზე ვაშინგტონში რაიმე რადიკალური გადაწყვეტილება იქნება მიღებული კიევის სასარგებლოდ.
მაგრამ ისიც ცხადია, რომ ომში უკრაინის სავარაუდო დამარცხებას დასავლეთისთვის სერიოზული შედეგები მოჰყვება: კვლავდღის წესრიგში დადგება კრემლის პროექტი ყოფილი საბჭოთა იმპერიის აღდგენის მიზნით, რაც დასავლეთის ბანაკს დაასუსტებს და მის ფასეულობებს შებღალავს. ავტოკრატი ვლადიმერ პუტინი, თავის ჩინელ კოლეგასთან – კომუნისტ სი ძინპინთან ერთად, დასავლეთს აქტიურად შეუტევს. „თუ აშშ უარს იტყვის უკრაინისადმი დახმარებაზე, ჩინეთი იმავწუთს ამოქმედდება და მის სიმტკიცეს შეამოწმებს, [ვთქვათ, ტაივანის საკითხში]. და თუ ევროპა ხელებს ჩამოუშვებს, რუსეთიც ამოქმედდება, რაც ევროკავშირის სიკვდილს მოსწავებს“, – აღნიშნავს ერთ-ერთი ფრანგი ჩინოვნიკი.
როდის გამოიღვიძებს ევროპა?
ევროპელთა გამოღვიძებისათვის ცოტა დრო რჩება. ჯო ბიდენის ადმინისტრაციას სულ უფრო აღიზიანებს ევროპელთა ნელი და დაყოვნებული ტემპი, მათი „არასერიოზული“ მიდგომა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საკითხების მიმართ. თეთრ სახლში დონალდ ტრამპის დაბრუნება რუსეთისათვის მირთმეული ტორტი იქნება: „ჩვენ ბედმა გაგვიღიმა, რომ ცივი ომის შემდეგ აშშ-ის ადმინისტრაციის მიმართ ყოველთვის იმედი გვქონდა, მისი იარაღის რეზერვების გამოყენების თვალსაზრისით, მაგრამ დღეს ეს იმედი ამოიწურა. ჩვენ მოგვიწევს კონტინენტის რეინდუსტრიალიზაციის განხორციელება“, – გვაფრთხილებს ერთ-ერთი წყარო საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან. ომის გაგრზელების შემთხვევაში ევროპულ ქვეყნებს ამტანობისა და გამძლების გამოვლენა მოუწევთ.
რუსეთის არმიის სარდლობამ უკვე გამოაცხადა, რომ 2024 წელს სამხედრო ბიუჯეტი, მიმდინარე წელთან შედარებით, 70%-ით გაიზრდება. „იმ ფულით, რომელიც კრემლს აქვს, რუსეთის არმია კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში იომებს“, – ასეთია უკრაინის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის პავლე კლიმკინის თვალსაზრისი.