“უკრაინა განწირულია? – ომით დაღლა უკვე არამარტო მეომარ მხარეებს, არამედ მთელ მსოფლიოს ემჩნევა”-The Statesman

ინდოეთის ინგლისურენოვან გაზეთ „სთეითსმენში“ (The Statesman) გამოქვეყნებულია ვრცელი სტატია სათაურით „უკრაინა განწირულია? // ომით დაღლა უკვე არამარტო მეომარ მხარეებს, არამედ მთელ მსოფლიოს ემჩნევა“. მასში გაანალიზებულია ამჟამად მიმდინარე ის საერთაშორისო მოვლენები, რომლებმაც უკრაინის მდგომარეობაზე ნეგატიური გავლენა შეიძლება მოახდინონ (ან უკვე ახდენენ).

გთავაზობთ პუბლიკაციის მოკლე შინაარსს:

რუსეთ-უკრაინის ომი თავის მეექვსასე დღეს უახლოვდება. ომისგან დაღლილობა არა მარტო დაპირისპირებულ მხარეებს ემჩნევათ, არამედ მთელ მსოფლიოსაც. გაჭიანურებულმა კონფლიქტმა ყველგან ფასების ზრდა გამოიწვია როგორც სურსათზე და კვების პროდუქტებზე, ასევე ენერგოშემცველებზე, რითაც კვლავ დიდი დარტყმა განიცადა მსოფლიო ეკონომიკურმა სისტემამ, რომელმაც, როგორც იქნა, პანდემიის მიერ მიყენებული ზარალის აღდგენა დაიწყო.
გასაკვირი არაა, რომ რუსეთიც და უკრაინაც მსოფლიოს საზოგადოების მხარდაჭერას კარგავენ, თუმცა უკრაინა უფრო მეტად ზარალდება. ისეთი ერთგული მოკავშირეები, როგორიც პოლონეთია, „გემიდან გარბიან“, ხოლო სლოვაკეთი რუსეთის მხარეზე გადადის. ნატოსა და ევროკავშირის, რომლებიც ადრე უკრაინის მტკიცე მომხრეები იყვნენ, ახლა რუსეთის იაფი გაზის უარყოფის გამო გამოწვეულ ზარალს ითვლიან და ყოყმანი ეტყობათ. აშშ-ში, რომელიც უკრაინის მთავარი მოკავშირეა, იქაც კი მატულობს უკმაყოფილო ადამიანთა რაოდენობა უკრაინისადმი გადაჭარბებული დახმარების გამო. 2024 წლის არჩევნებში მონაწილე პრეზიდენტობის კანდიდატებიც, განსაკუთრებით რესპუბლიკური პარტიიდან (დონალდ ტრამპი, ვივეკ რავასვამი, რონ დესანტისი…), უკრაინის ბედის ანაბარად მიტოვებას გეგმავენ.

რუსეთისათვის მომგებიანია, რომ ომი უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. რუსული არმია მეთოდურად ანგრევს უკრაინას – ქალაქებს, სოფლებს, ეკონომიკურ ინფრასტრუქტურას. ქვეყნის ნახევარი ფაქტობრივად უკვე ნანგრევებადაა ქცეული. უკრაინამ თითქმის 8 მილიონი მოქალაქე დაკარგა – ომში დაღუპულების და ლტოლვილების სახით. შრომისუნარიანი მოსახლეობის წილი მკვეთრად შემცირდა.

რა თქმა უნდა, დაზარალდა რუსეთიც – ეკონომიკა რყევას განაგრძობს, მატულობს ინფლაცია. რასაკვირველია, ომში რუსებიც დიდი რაოდენობით იღუპებიან. ახალგაზრდები ქვეყნიდან გარბიან, სამობილიზაციო რესურსები მცირდება. რუსეთი ზარალდება საგარეო პოლიტიკაშიც – მოსკოვი იძულებულია შეურიგდეს თავისი ინტერესების შეზღუდვას კავკასიაში, სადაც თურქეთი და აზერბაიჯანი აქტიურდებიან. კრემლი იძულებულია ანგარიში გაუწიოს ჩინეთს და ბევრი რამ დაუთმოს, დახმარების მიღების იმედად.

მაგრამ რუსეთი შორს არის დამარცხებიდან. ბოლო მონაცემებით, რუსეთის ეკონომიკა, მტკიცედ გადადის საომარ რელსებზე. ეკონომიკა სწრაფად მილიტარიზდება. მოსკოვი საბრძოლო იარაღს ბევრად იაფად აწარმოებს, ვიდრე დასავლეთი, რომელიც იძულებულია უკრაინის მზარდი მადა დააკმაყოფილოს. კრემლმა, ევროპაში განცდილი დიპლომატიური მარცხისა და დასავლეთის ანტირუსული სანქციების კვალობაზე, თვალი აზიას აფრიკას და ლათინურ ამერიკას მიაპყრო და გლობალური სამხრეთის გადაბირება დაიწყო.

ნაპოლეონმა და ჰიტლერმა საკუთარ გამოცდილებაზე გააცნობიერეს, რომ რუსეთი „კერკეტ კაკალს“ წარმოადგენს. უკრაინა იმედოვნებდა, რომ დასავლეთის დახმარებით რუსეთს დააჩოქებდა, მაგრამ დრო მოსკოვის სასარგებლოდ მუშაობს. კიევისათვის სიტუაცია გაართულა ახლო აღმოსავლეთში შექმნილმა რთულმა მდგომარეობამ: ამჟამად მსოფლიოს ყურადღება უკრაინიდან ისრაელსა და „ჰამასზეა“ გადართული.

ისე ჩანს, რომ აშშ-ის გარდა, ნატოს არცერთი ქვეყანა არ არის დაინტერესებული სამხედრო ხარჯების ზრდით. ალიანსის წევრები იძულებულნი არიან ვაშინგტონს ანგარიში გაუწიონ, თორემ მათ ნებაზე რომ იყოს, ისინი უკრაინას ნაკლებ ყურადღებას დაუთმობდნენ.

დიდი ალბათობით, უკრაინის კონფლიქტი მალე ჩიხში შევა იმდენად, რამდენადაც უკრაინას მცდელობა გააძევოს რუსეთის ჯარები თავისი ტერიტორიიდან – ჯერ-ჯერობით წარუმატებელია. კონტრშეტევა ბუქსაობს და თავდაპირველი იმედები არ მართლდება.

რასაკვირველია, ომის შედეგების წინასწარ ზუსტად გამოცნობა შეუძლებელია, მაგრამ არსებობს რამდენიმე სცენარი, თუ როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს.

ერთ-ერთის თანახმად, რუსეთი შეინარჩუნებს დაკავებულ ტერიტორიას, ხოლო ის ნაწილი, რომელსაც კიევის ხელისუფლება აკონტროლებს, დასავლურ ბლოკში იქნება ინტეგრირებული (როგორც ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიის გაყოფის დროს მოხდა), თუმცა ამ სცენარის რეალიზება ნაკლებად სავარაუდოა.
მეორე სცენარი ეფუძნება რუსეთის სრული მარცხის ალბათობას, მაგრამ ამ შემთხვევაშიც ბევრი რამ გათვალისწინებული არ არის. რუსეთი იოლად დასამარცხებელი ქვეყანა არ არის. მოსკოვი დღეს კიევზე უფრო უკეთეს მდგომარეობაშია, არაფერი რომ არ ვთქვათ მის ბირთვულ პოტენციალზე.
მესამე სცენარი – უკრაინის ტერიტორიის გაყოფა ისე, როგორც ახლა კორეის ნახევარკუნძულია გაყოფილი ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის, ანუ ფაქტობრივად ომის მდგომარეობა გრძელდება, თუმცა ორივე ქვეყანას თავისი მიზნები აქვს.
მაგრამ სამივე სცენარის დროს მტკიცე მშვიდობა გარანტირებული მაინც არ არის. საბოლოო სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება საეჭვოა. შესაბამისად, გაგრძელდება ადამიანთა მსხვერპლი და ზარალის მიყენება.
სამწუხაროდ, კაცობრიობა, მრავალ სფეროში წარმატების მიღწევის მიუხედავად, დღემდე ვერ აცნობიერებს ომის ჭეშმარიტ ფასს და მის უსარგებლობას.

„ყოველი წარმოებული ქვემეხი, ყოველი წყალში ჩაშვებული სამხედრო ხომალდი, ყოველი აწყობილი თვითმფრინავი და რაკეტა საბოლოო ჯამში რესურსების მოპარვას ნიშნავს მათთვის, ვინც მშიერია, ვინც შიშველია და სიცივისაგან იყინება. კაცობრიობა თავის რესურსებს, მეცნიერთა გენიას და საკუთარი ბავშვების იმედებს ომით აცამტვერებს. ასეთი ცხოვრება დაუშვებელია და არ შეიძლება“, – ეს სიტყვები აშშ-ის პრეზიდენტმა დუაიტ ეიზენჰაუერმა, რომელიც პირადად მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში, 1953 წელს წარმოთქვა და დღესაც აქტუალურია.

წყარო