“უკრაინა, ბალკანეთი და ევროკავშირის მომავალი გაფართოება: ვის რა პერსპექტივა აქვს”-Financial Times

ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ თაიმსში“ (Financial Times) სტატია სათაურით: „უკრაინა, ბალკანეთი და ევროკავშირის მომავალი გაფართოება: ვის რა პერსპექტივა აქვს“ (ავტორი – ტონი ბარბერი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ბრიუსელის ოფიციალური რიტორიკის თანახმად, ევროკავშირის გაფართოების პროცესი ევროპის აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ზოგიერთი ცალკეული სირთულის მიუხედავად, დამაჯერებლად მიმდინარეობს. ამბობენ იმასაც, რომ ერთ-ერთი კანდიდატი-სახელმწიფო – ჩერნოგორია – 27-წევრიან ოჯახს 2020-იანი წლების ბოლოს დაემატება.

დაგროვილი დაძაბულობა

დღეს ევროკავშირის საერთო სურათზე სამი რეალური ტენდენცია ჩანს: მსოფლიო მოვლენების გავლენა ევროკავშირზე, ბლოკის წევრი ცალკეული სახელმწიფოების ინტერესები და სიტუაცია ბლოკის წევრობის კანდიდატ ქვეყნებში. 2013 წლიდან, როცა ხორვატეთი ევროკავშირში გაწევრიანდა, ბლოკში თითქმის ათწლიანი „უძრაობა ჩამოწვა“. ახალი იმპულსი ევროკავშირმა მხოლოდ 2022 წელს მიიღო, როცა რუსეთი თავს დაესხა უკრაინას და ბრიუსელმა კოლექტიური პასუხის გაცემა დაიწყო კრემლის წინააღმდეგ. მოგვიანებით ევროკავშირში გაფართოების ტენდენცია გამოცოცხლდა: ექვს ბალკანურ ქვეყანას, რომლებიც თავიანთ საათს ელოდებიან (ალბანეთს, ბოსნია-ჰერცეგოვინას, კოსოვოს, ჩერნოგორიას, ჩრდილოეთ მაკედონიას და სერბეთს), ბრიუსელმა საქართველო, მოლდოვა და უკრაინა დაუმატა.

ევროკავშირის წევრობის კიდევ ერთი მაძიებელია თურქეთი, თუმცა უფრო ქაღალდზე, ვიდრე რეალურად.
მაგრამ ევროკავშირის გაფართოების აღორძინებულ გეგმებში ყოველთვის თავს იჩენს ხოლმე მუდმივი გადაუჭრელი წინააღმდეგობა: ერთი მხრივ, ევროკავშირის ხელმძღვანელობა გაფართოებაში მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ სარგებელს ხედავს, მაგრამ მეორე მხრივ, ბრიუსელს არ სურს გაფართოება ნებისმიერ ფასად: წევრობის კანდიდატი ქვეყნები უნდა აკმაყოფილებდნენ მკაცრ კრიტერიუმებს, განსაკუთრებით ისეთებს, რომლებიც დემოკრატიას ეხება, კანონის უზენაესობას და ისტორიული დავების მოგვარებას ევროკავშირის წევრებთან.

აქედან გამომდინარეობს კითხვა: მზად არიან თუ არა ევროკავშირის წევრი (და არაწევრი) ქვეყნების მთავრობები (და აქვთ კი უნარი?) იმისათვის, რომ განახორციელონ საკვანძო ინსტიტუტების შორსმიმავალი რეფორმები და გააფორმონ ისეთი ფუძემდებლური ფინანსური შეთანხმებები, რომლებიც აუცილებელია გაფართოებისათვის?

რუსეთი და დონალდ ტრამპი

გარდა ამისა, ევროკავშირის ფარგლებს გარეთ ისეთი სიტუაციაა, რომელიც ნამდვილად არ უწყობს ხელს ბლოკის გაფართოებას. ორი მნიშვნელოვანი მომენტი: რუსეთ-უკრაინის ომი და დონალდ ტრამპის არჩევა აშშ-ის პრეზიდენტად.

ჩვენ არ შეგვიძლია ზუსტი პროგნოზირება იმისა, თუ რას გააკეთებს რეალურად დონალდ ტრამპი მოსკოვ-კიევის კონფლიქტთან მიმართებით, თუმცა მისი განცხადებების საფუძველზე, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის სურვილია სამშვიდობო მოლაპარაკების რაც შეიძლება სწრაფად დაწყება, უნდა ვივარაუდოთ, რომ რუსეთის ხელში უკრაინის ტერიტორიის მეხუთედი დარჩება. ასევე არაფერი არ მიანიშნებს, რომ კრემლი უკრაინის დასავლურ სტრუქტურებში გაწევრიანებას დაეთანხმება – არამარტო ნატოში, არამედ შედარებით არა მილიტარისტულ ევროკავშირშიც, რომლის სწრაფვას თავდაცვისაკენ მოსკოვი დამცინავად უყურებს, მაგრამ მაინც მხედველობაში იღებს.

თეორიულად ევროკავშირს უკრაინასთან მოლაპარაკების გაგრძელება შეუძლია, მაგრამ ეს საკმაოდ სარისკო იქნება, თუ აშშ და მისი ევროპელი მოკავშირეები დე-ფაქტო შემცირებულ უკრაინას უსაფრთხოების საიმედო გარანტიებს არ შესთავაზებენ.

ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ევროკავშირის წესდების მიხედვით, კანდიდატი ქვეყნის სურვილის განხორციელება – ევროკავშირის წევრად მიღება – 27 ნამდვილი წევრის თანხმობას ითხოვს. ამრიგად, იმ ქვეყნებს, რომლებიც უკრაინასთან რაღაც სადაო აქვთ, ყოველთვის შეუძლიათ კანდიდატ ქვეყანას „ცივი წყალი გადაასხან“ და მათი წინსვლა ევროკავშირისაკენ დაამუხრუჭონ. ასეთი ქვეყნებია უნგრეთი – თავისი რუსოფილური სიმპათიებით, რომელიც კიევს პრეტენზიებს უყენებს უნგრული ეთნიკური უმცირესობის უფლებების დარღვევის გამო. ასევე პოლონეთი, რომელიც უკრაინას მეორე მსოფლიო ომის დროს ნაციონალისტების მიერ ჩადენილი მხეცობის გამო ედავება, ხოლო ზოგიერთ აღმოსავლეთევროპულ ქვეყანას უკრაინის მიმართ პრეტენზიები აქვს სასოფლო-სამეურნეო ექსპორტთან დაკავშირებით.

აშშ, ევროკავშირი და ბალკანეთი

სირთულეები მხოლოდ უკრაინით არ შემოიფარგლება – ბალკანეთშიც ბევრი პრობლემაა. დონალდ ტრამპის პირველმა ადმინისტრაციამ ბალკანეთში უცნაური და შეიძლება ითქვას, ძალზე სახიფათო როლი შეასრულა: საკითხი ეხება წარუმატებელ პოლიტიკურ თამაშებს ტერიტორიის გაცვლის თაობაზე – სერბეთსა და კოსოვოს შორის. ასეთი ინიციატივები ძალზე სარისკოა ბალკანეთის სხვა ქვეყნებისათვის და შეუძლიათ სიტუაციის არევ-დარევა ისედაც მყიფე მშვიდობის პირობებში, საზღვრებთან მიმართებით (ვთქვათ, ბოსნია-ჰერცეგოვინასა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის). სერბეთის მიმართ, რომელიც რუსეთისადმი ლოიალურად არის განწყობილი, თავისი ნეგატიური დამოკიდებულება ჰქონდა ჯო ბაიდენსაც – იმდენად ცუდი, რომ სერბეთის პრეზიდენტმა უკან დაიხია და უკრაინას იარაღი მიაწოდა.
რაც შეეხება უშუალოდ ევროკავშირს, ბრიუსელს სერბეთში ლითიუმის მდიდარი საბადო (ევროპაში უდიდესი) უფრო აინტერესებს, ვიდრე ბელგრადის დემოკრატიულობა და მის მიმართ ზეწოლა, რომ ბლოკში გაერთიანების კრიტერიუმები შეასრულოს.

საფრანგეთი და გერმანია

თუ ბლოკის წევრების როლს გადავხედავთ, მასში წამყვან ქვეყნებს საფრანგეთი და გერმანია წარმოადგენენ, რომლებშიც ულტრამემარჯვენე პარტიების გავლენა ძლიერდება.

საფრანგეთი, საერთოდ, ევროკავშირის გაფართოების საკითხს დიდი ხნის განმავლობაში ეჭვით და სკეპტიკურად უყურებდა, თუმცა 2022 წელს პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თავისი დამოკიდებულება შეცვალა.

მაგრამ დღეს პრობლემა იმაშია, რომ ემანუელ მაკრონის პოლიტიკური ძალა სუსტდება საარჩევნო ავანტურების, საბიუჯეტო კრიზისის, საპარლამენტო განხეთქილებისა და 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენე კანდიდატების სავარაუდო წარმატების გამო.

პარიზში არც მემარჯვენეებს და არც მემარცხენეებს ევროკავშირის გაფართოება არ უხარიათ – ეს ფაქტი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ქვეყნის კონსტიტუციის თანახმად, საფრანგეთმა, როგორც ევროკავშირის წევრმა, ახალი ქვეყნის მიღებაზე თანხმობისათვის საჭიროა ან რეფერენდუმი ჩაატაროს, ან მიღება პარლამენტის ორივე პალატის წევრთა სამი მეხუთედმა მოიწონოს.

გერმანიაში პოლიტიკური კონსენსუსი გაფართოების მხარდასაჭერად უფრო ფართოა, ვიდრე საფრანგეთში, მაგრამ პრეტენზიები ბერლინსაც აქვს: ფედერალური ხელისუფლება თვლის, რომ კანდიდატებმა აუცილებლად უნდა გაატარონ ღრმა რეფორმები, თორემ მოუმზადებელი ქვეყნის მიღებამ შეიძლება ზიანი თვით ევროკავშირს მოუტანოს ზიანი.

გერმანიას ასევე მიაჩნია, რომ ევროკავშირმა თავისი „დნმ“ (გენეტიკური ელემენტი) უნდა შეინარჩუნოს, ანუ ისეთი ტრადიციული ისტორიული ღირებულებები, როგორიცაა დემოკრატია, თავისუფლება, სამართლიანობა… ბერლინი უპირველესად ითხოვს, რომ კანდიდატმა ქვეყანამ თავისი დამსახურება აჩვენოს კანონის უზენაესობის საკითხში.

ევროპელი ულტრამემარჯვენეები

ევროპული ულტრამემარჯვენე პარტიების პოზიციები ევროკავშირის გაფართოების საკითხში შორს არის ერთიანობისაგან. შესამჩნევია ორი ჯგუფი: პირველნი კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან გაფართოებას, უბრალოდ, იმიტომ, რომ მათ თვით ევროკავშირი არ მოსწონთ. მეორენი კი გაფართოებაში უპირველესად ხედავენ ევროკავშირის გადაქცევას სუვერენული ეროვნული ქვეყნების ალიანსად და არა ისეთ თავისუფალ კონფედერაციულ ბლოკად, როგორიც დღეს არის.

სხვათა შორის, მეორე ბლოკში შედის უნგრული პარტია „ფიდესი“ პრემიერ ვიქტორ ორბანის ხელმძღვანელობით, რომელიც, უკრაინასთან მტრული დამოკიდებულების ფონზე, მიესალმება ევროკავშირში ისეთი ქვეყნების გაწევრიანებას, როგორსაც კრემლის მიმართ ლოიალურად განწყობილი სერბეთი წარმოადგენს.

კანდიდატი ქვეყნები: ჩერნოგორიული სცენარი

რაც შეეხება ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს: ყურადღება გავამახვილოთ ჩერნოგორიაზე, რომლის მოსახლეობა 600 ათასს აღწევს და რომელიც სერბეთს 2006 წელს გამოეყო. ჩერნოგორია იშვიათად ეთმობა ყურადღება, მაგრამ ის საინტერესო ქვეყანას წარმოადგენს იმიტომ, რომ სხვებზე მეტად უფრო პრიორიტეტულია ევროკავშირში გაწევრიანების თვალსაზრისით.

ევროკომისიის ბოლო მოხსენების თანახმად, ბრიუსელი მზად არის მხარი დაუჭიროს პოდგორიცას სურვილს და გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკება 2026 წლისათვის დაასრულოს. თუმცა ამის შემდეგ შეიძლება კიდევ რამდენიმე წელი გავიდეს, სანამ ჩერნოგორია სრულუფლებიანი წევრის სტატუსს მიიღებს: გააჩნია, რამდენად სწრაფად აუნთებენ მას ევროკავშირის წევრები მწვანე შუქს და დროულად მოახდენენ რატიფიცირებას.

საქმე იმაშია, რომ ჩერნოგორიაში საკმაოდ შესამჩნევია პროსერბული და პრორუსუსლი განწყობები – არიან პარტიები, რომლებსაც მტრული დამოკიდებულება აქვთ ევროკავშირის მიმართ. ისმის ხმები, თუ ვინ არიან ჩერნოგორიელები – სრულფასოვანი ერის წარმომადგენლები თუ იგივე სერბები, მხოლოდ სხვა სახელით? ზოგიერთი ევროპელი ექსპერტი აცხადებს, რომ ჩერნოგორიის მთავრობაში ისეთი მინისტრებიც არიან, რომლებიც ჩერნოგორიელთა ეროვნულ იდენტურობას უარყოფს.

არანაკლებ ნეგატიური ხასიათი აქვთ სხვა მომენტებსაც: მაგალითად, გასულ თვეში ზოგიერთმა ანტიევროპულმა პარტიამ პარლამენტში წარადგინა კანონპროექტი „უცხოელი აგენტების შესახებ“, რომელიც ძალიან ჰგავს ქართულ ანალოგიურ კანონს, რომელიც საქართველოს პარლამენტმა რუსეთის გავლენით მიიღო და რის შემდეგაც ბრიუსელმა საქართველოსთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკება შეწყვიტა. გარდა ამისა, ივლისში ჩერნოგორიამ ხორვატეთი გააღიზიანა იმ განცხადებით, რომ მეორე მსოფლიო ომში ხორვატი ნაციონალისტები მხეცურად იქცეოდნენ.
ასე რომ, ისევე როგორც პოლონეთ-უკრაინის ისტორიული დავა, ბულგარეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის უთანხმოება ეროვნულ თვითშეგნებისა და ენის საკითხებში, ხორვატეთ-ჩერნოგორიის მწვავე ურთიერთდამოკიდებულება ხელს უშლის ევროკავშირში ინტეგრირებას. და თუ მათ დავამატებთ რუსეთ-უკრაინის ომის გავლენას ევროკავშირზე, დონალდ ტრამპის ფაქტორს და უთანხმოებებს თვით ევროკავშირში, პერსპექტივა არასახარბიელოა – სანამ ასეთი საკითხები დარეგულირებული არ იქნება, ევროკავშირის გაფართოება არ მოხდება.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: