ვენეციის კომისია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით შეფასებას აქვეყნებს.
როგორც ვენეციის კომისიის შეფასებაშია ნათქვამი, „ვენეციის კომისია იძლევა მტკიცე რეკომენდაციას კანონის არსებული ფორმით გაუქმების შესახებ, რადგან მისი ფუნდამენტური ხარვეზები გამოიწვევს მნიშვნელოვან უარყოფით შედეგებს გამოხატვის თავისუფლებებზე, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებაზე, საზოგადოებრივ საქმეებში მონაწილეობის უფლებაზე, ასევე დისკრიმინაციის აკრძალვაზე“.
„ვენეციის კომისია წუხს, რომ ეს კანონი, რომელიც სენსიტიურია ადამიანის უფლებების მიმართ, ასევე ძალიან სადავოა ქართულ საზოგადოებაში, რაზეც მეტყველებს ქვეყანაში მასიური რეაქციები, მიღებულ იქნა პროცედურით, რომელიც არ ტოვებს სივრცეს გულწრფელი დისკუსიებისა და არსებითი კონსულტაციებისთვის, ქართველი ხალხის დიდი ნაწილის შეშფოთების ღიად უგულვებელყოფით. ეს მით უფრო სამწუხაროა, რომ 2023 წლის ანალოგიურ კანონპროექტზე გამოხმაურებამ აჩვენა პოლარიზაცია მის მიღებასთან დაკავშირებით და, შესაბამისად, წარმოიქმნა აშკარა აუცილებლობა ჩატარებული მნიშვნელოვანი კონსულტაციები დაინტერესებულ მხარეებთან, რომელთაც ეხებათ ეს კანონი, განსაკუთრებით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, ონლაინ მედიასაშუალებებსა და ტელევიზიებთან. წარმოების ეს ფორმა არ აკმაყოფილებს დემოკრატიული კანონშემოქმედების ევროპულ მოთხოვნებს.
ვენეციის კომისიამ გააანალიზა კანონის შესაბამისობა მოქმედ საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან, მსგავს საკითხზე მის მრავალ წინა მოსაზრებებში შემუშავებულ პრინციპებზე დაყრდნობით. იგი ასკვნის, რომ კანონით დადგენილი შეზღუდვები გამოხატვის თავისუფლების, შეკრების თავისუფლებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასთან დაკავშირებით, შეუთავსებელია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მკაცრ კრიტერიუმებთან, რომლებიც გაწერილია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტში, მე-10 მუხლის მე-2 პუნქტში და მე-11 მუხლის მე-2 პუნქტსა და სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტის 17(2), მე-19(2) და 22(2) მუხლებში, რამდენადაც ისინი არ აკმაყოფილებენ კანონიერების, ლეგიტიმურობის, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებლობისა და პროპორციულობის მოთხოვნებს , ისევე როგორც დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპს, რომელიც გაწერილია ECHR-ის მე-14 მუხლში“, – ნათქვამია შეფასებაში.
ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებულ შეფასებაში ნათქვამია, რომ „კანონის მიხედვით, უცხოური ძალის ინტერესების გამტარ ორგანიზაციად განსაზღვრას სერიოზული შედეგები მოჰყვება, რამდენადაც, ეს ძირს უთხრის ამ სამიზნე ორგანიზაციების ფინანსურ სტაბილურობასა და სანდოობას, ასევე მათ საქმიანობას“.
„რეგისტრაციის ტვირთისა და ანგარიშვალდებულების მოთხოვნების ერთობლივი გავლენა (მათ შორის ფინანსური ინფორმაციის გამჟღავნება), რაც ზღუდავს სტიგმატიზებული ასოციაციებისთვის დაფინანსების წყაროების შესაძლებლობებს, მძიმე ადმინისტრაციულ ჯარიმებთან ერთად, რაც მათ შეიძლება დაეკისროს და მუდმივი ზედამხედველობა, უდავოდ გაართულებს და საფრთხეს უქმნის შესაბამისი ორგანიზაციების ეფექტურ მუშაობას და არსებობას. სახელმწიფოს ხელში კონცენტრირებული მუდმივი და სტიგმატიზების ხელშემწყობი დაბრკოლებები შემაკავებელ ეფექტს ქმნის.
კანონი, რომელიც თითქოს გამჭვირვალობის უზრუნველყოფაზეა მიმართული, ასოციაციებსა და მედიას რომლებიც თუნდაც დაფინანსების უმნიშვნელო სახსრებს საზღვარგარეთიდან იღებენ სტიგმატიზიციის, გაჩუმებისა და საბოლოოდ ელიმინაციის ობიექტური რისკის ქვეშ აყენებს. იქმნება ძლიერი რისკი იმისა, რომ დაზარალდება ის ასოციაციები და მედიები, რომლებიც აკრიტიკებენ მთავრობას, და მათი აღმოფხვრა უარყოფითად იმოქმედებს ღიაობაზე, ინფორმირებულ საჯარო დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიაზე.
ვენეციის კომისია კატეგორიულად ურჩევს საქართველოს ხელისუფლებას, უარი თქვას სპეციალური რეგისტრაციის იმ ფორმაზე , ანგარიშვალდებულებასა და ინფორმაციის გასაჯაროების მოთხოვნებზე , მათ შორის ადმინისტრაციულ სანქციებზე, უცხოეთიდან დახმარების მიმღები სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, ონლაინ მედიისა და ტელევიზიებისთვის.
იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა უკვე შეიცავს პირობებს, რომლებიც ორგანიზაციებს ავალდებულებს დარეგისტრირდნენ და წარადგინონ მათი დაფინანსების წყაროები, არ გაკეთებულა დამაჯერებელი ახსნა თუ რატომ არ იქნება არსებული ვალდებულებები არასაკმარისი გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. თუკი, არსებული დებულებები არასაკმარისი აღმოჩნდებოდა, საქართველოს ხელისუფლებას უნდა განეხილა არსებულ კანონში ცვლილებების შეტანა ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობით. კერძოდ, უცხო ქვეყნების სახელით ლობისტური საქმიანობა შესაძლოა დარეგულირებული ყოფილიყო ევროპული სტანდარტების შესაბამისად, თუ არსებული კანონმდებლობა არასაკმარისი აღმოჩნდებოდა.
დასასრულს, ვენეციის კომისია მტკიცე რეკომენდაციას აძლევს კანონის არსებული ფორმით გაუქმების შესახებ, რადგან მისი ფუნდამენტური ხარვეზები გამოიწვევს მნიშვნელოვან უარყოფით შედეგებს გამოხატვის თავისუფლებებზე, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებაზე , საზოგადოებრივ საქმეებში მონაწილეობის უფლებაზე , ასევე დისკრიმინაციის აკრძალვაზე. საბოლოო ჯამში, ეს გავლენას მოახდენს ღია, ინფორმირებულ საჯარო დებატებზე, პლურალიზმზე და დემოკრატიაზე. ვენეციის კომისია რჩება საქართველოს ხელისუფლებისა და საპარლამენტო ასამბლეის განკარგულებაში შემდგომი დახმარების კუთხით“, – ნათქვამია შეფასებაში.
ამასთან, ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ „ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მოთხოვნით, კომისიამ გადაუდებელი პროცედურებით შეაფასა საქართველოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. ვენეციის კომისია წუხს, რომ საქართველოს პარლამენტი არ დაელოდა კანონის მიღებამდე მის აზრს, საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისა და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოწოდების მიუხედავად“.