არ დავუშვებთ, 2020 წელი გაიმეორონ „ენჯეოებმა“ და ყალბი დასკვნებით საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ერთადერთი, ვისგანაც დასაცავია ქართველი ამომრჩევლის ხმები, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტი „ენჯეოები“.
„რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, ხმების დაცვას და ა.შ. 2020 წელს ჩვენ რაც ვნახეთ, ერთადერთი, ვისგანაც დასაცავია ქართველი ამომრჩევლის ხმები, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, მისი სატელიტი „ენჯეოები“. სხვათაშორის, პირდაპირ ეუთო-ს დასკვნაში აისახა, რომ სახეზე იყო პარტიული „ენჯეოების“ აქტივობა საარჩევნო უბნებზეც, მათ შორის წინასაარჩევნო გარემოში. გვახსოვს მაშინ „ისფედის“ მიერ გაყალბებული „პივიტი“ [ხმების პარალელური დათვლა] და შემდეგ რამდენიმე „ენჯეოს“ განცხადება, რომელიც გახდა საფუძველი „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ბოიკოტის. მათ შორის, გახსოვთ, ძალადობრივი შტურმი იყო ცესკო-ზე 2020 წელს. ასე რომ, თუ ვინმესგან არის დასაცავი ჩვენი ხმები, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, მისი სატელიტი „ენჯეოები“. ჩვენ ძალიან სერიოზულად ვაკვირდებით იმასაც, ვინ იქნებიან ე.წ. ადგილობრივი დამკვირვებლები, რომლებიც არიან ხოლმე აქტიურები, რადგან მათ საზოგადოებაში დაკარგული აქვთ ნდობა მას შემდეგ, რაც 2020 წელს იყვნენ თანამონაწილეები დეზინფომარციული კამპანიისა, არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის განმარტებით, დღესაც ჩანს, აღნიშნულ „ენჯეოებს“ აქვთ პირდაპირ გაცხადებული საარჩევნო მიზანი, რომ სურთ ხელისუფლების შეცვლა.
„სოროსის ფონდის“ ხელმძღვანელმა შარშან შემოდგომაზე მაკეინის ფონდის მიერ დაფინანსებულ კონფერენციაზე, პირდაპირ პანელზე განაცხადა, რომ მათი მიზანია ხელისუფლების შეცვლა. ამ პანელში ის და „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ხელმძღვანელი იღებდნენ მონაწილეობას. გარდა ამისა, გვახსოვს ჩვენ 2022 წლის ივნისის აქცია, როდესაც სწორედ ეს „ენჯეოები“, ვგულისხმობ „ისფედს“, „გამჭვირვალობას“, „სოროსის ფონდს“ და ა.შ. ცდილობდნენ მაშინ, არადემოკრატიული გზით დაემხოთ ხელისუფლება და თავად ყოფილიყვნენ მონაწილენი მთავრობის დაკომპლექტებაში. გახსოვთ, ისინი ითხოვდნენ, „ისფედს“, „გამჭვირვალობას“, „სოროსის ფონდს“ ჰქონოდა ვეტოს უფლება მთავრობის დაკომპლექტებაში. ანუ, ხალხის მიერ არალეგიტიმურ ორგანიზაციებს, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან, ჰქონოდათ ვეტო ხელისუფლების დაკომპლექტებაში. ამიტომ, რა თქმა უნდა, ვაკვირდებით, ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციები ვინ იქნებიან და მათ საქმიანობას. ასევე, მათი დაფინანსების გამჭვირვალობას, რადგან ყველაზე დიდი გამოწვევა დღეს ენჯეო სექტორში არის, რომ გაუმჭვირვალეა დაფინანსება. ამიტომ მნიშვნელოვანია, საზოგადოება აქ იყოს ფხიზლად, ჩვენ არ დავუშვებთ, რომ 2020 წელი გაიმეორონ ენჯეოებმა და ყალბი დასკვნებით საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.