თუ გვიყვარს ქვეყანა მისთვის უნდა გვინდოდეს მშვიდობა და განვითარება – მეუფე საბა მოსახლეობას არჩევნების შედეგზე

მინდა, პირდაპირ მივმართო საქართველოს მოსახლეობას, მეტი წილი მოსახლეობის არის მართლმადიდებელი ქრისტიანი და რომლისთვისაც პატრიარქი არის სულიერი მამა და მოძღვარი. ვინმე გეგულებათ ან საქართველოში ან საქართველოს ფარგლებს გარეთ, უცხოეთში, პატრიარქზე უფრო მაღალი თანამდებობის, პატრიარქზე უფრო გამოცდილი, პატრიარქზე უფრო ბრძენი, სულიერი და ერის, ჩვენი ქვეყნის მოსიყვარულე ადამიანი. ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რაც უკვე ვთქვი, ეს არის ლოცვა კურთხევა პატრიარქის, რომელსაც ჩვენ უნდა დავემორჩილოთ და უნდა მივიღოთ, როგორც ნება ღვთისა, – განაცხადა მთავარანგელოზთა დღესასწაულზე ქადაგებისას ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა, საბამ.

მან მრევლს მთავარანგელოზობა მიულოცა და ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს შეეხო.

„ჩატარდა არჩევნები და არ მაქვს სურვილი მისი შეფასების, თუ როგორი იყო. ეს ჩემი საქმე არ არის. მე ერთი რამის ხაზგასმა მინდა.

რამდენიმე დღის წინ პატრიარქმა დალოცა ჩვენი ქვეყანა, დალოცა ხელისუფლება და ბრძანა, რომ ეს არჩევნები ჩატარდა და უნდა მივიღოთ ის შედეგები, რომელიც რეალურად დადგა. ბრძანა კიდევაც პატრიარქმა, რომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველოში იყოს მშვიდობა. ჯერ კიდევ არის დაძაბული ურთიერთობები. საშიშროება იმისა, რომ იყოს რაიმე გაურკვევლობა, არეულობა და ასე შემდეგ, რაც ჩვენს ქვეყანას ნამდვილად არ მოუტანს სიკეთეს.

მინდა, პირდაპირ მივმართო საქართველოს მოსახლეობას, მეტი წილი მოსახლეობის არის მართლმადიდებელი ქრისტიანი და რომლისთვისაც პატრიარქი არის სულიერი მამა და მოძღვარი. ვინმე გეგულებათ ან საქართველოში ან საქართველოს ფარგლებს გარეთ, უცხოეთში, პატრიარქზე უფრო მაღალი თანამდებობის, პატრიარქზე უფრო გამოცდილი, პატრიარქზე უფრო ბრძენი, სულიერი და ერის, ჩვენი ქვეყნის მოსიყვარულე ადამიანი. ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რაც უკვე ვთქვი, ეს არის ლოცვა კურთხევა პატრიარქის, რომელსაც ჩვენ უნდა დავემორჩილოთ და უნდა მივიღოთ, როგორც ნება ღვთისა.

ადამიანები, რომლებიც ეკლესიაში დადიხართ, ადამიანები, რომლებიც ეზიარებით კიდეც, ადამიანები, რომლებიც ტაძრებსა და მონასტრებს აშენებთ და ეხმარებით, აქამდეც ასე ყოფილა და ახლაც ასე აგრძელებთ, ნუთუ, თქვენთვის არ არის საკმარისი პატრიარქის მოწოდება, პატრიარქის ლოცვა-კურთხევა და არ უნდა დავემორჩილოთ მას, ერთი უბრალო, მარტივი მიზეზის გამო – თუ გვიყვარს ქვეყანა მისთვის უნდა გვინდოდეს მშვიდობა და განვითარება. პატრიარქზე მეტი ვინ უნდა იყოს, ვინც ასე ვთქვათ, ლეგიტიმაცია უნდა გვითხრას ამ მოვლენების. აუცილებელია, მაინც და მაინც ამერიკიდან, ევროპიდან, რუსეთიდან ჩინეთიდან, რა ვიცი, საიდან უნდა იყოს კიდევ, რომ სხვა ქვეყნებიდან გვითხრან, თქვენ კარგი ხალხი ხართ, კარგად ჩაატარეთ ყველაფერი“, – განაცხადა მეუფემ.