პრეზიდენტ მაკრონის განცხადება ძალიან მძიმე გზავნილი იყო, მაგრამ ეს უპირველესად საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა – თუ ჩვენს პარტნიორებს ეშლებათ, ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება სათანადოდ არ მუშაობს! – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
დეკანოიძის შეფასებით, საქართველოს გეოპოლიტიკური და პოლიტიკური განზომილება უდიდესი საფრთხის ქვეშ დგას.
მისივე თქმით, გაკეთებული განცხადების გამო პრეზიდენტ მაკრონის დადანაშაულება მიუღებელია, რადგან, პირველ რიგში, თუ ვინმე უნდა დავადანაშაულოთ ეს საქართველოს ხელისუფლებაა, რომელმაც არ იმუშავა იმისთვის, რომ პარტნიორები ასეთ განცხადებებს არ აკეთებდნენ.
“ევროპა, პირველ რიგში, არის პოლიტიკური განზომილება. საქართველოს გაცხადებული აქვს, კონსტიტუციაში წერია და საქართველოს მოქალაქეების 87% ემხრობა და არის პროევროპული. იმდენად დამძიმდა ხელისუფლების ენა, იმდენად არ მუშაობენ პარტნიორებთან, მათ შორის ევროპის ერთ-ერთ გამორჩეულ ლიდერთან – საფრანგეთთან, რომ ჩვენ პოლიტიკურ საკითხში უკვე აღარ მოვიაზრებით. მოვიაზრებით რაღაც გეოგრაფიულ საკითხში. ეს ქვეყნისთვის ძალიან მძიმეა.
საქართველოს ხელისუფლება ვალდებული იყო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების წინ ჰქონოდა მაღალი დონის ვიზიტები საფრანგეთში. ჩასულიყო კიევში, შეხვედროდა პრეზიდენტ ზელენსკის. ჩასულიყო მოლდოვაში და შეხვედროდა მაია სანდუს. რეალურად უნდა ყოფილიყო იქ, სადაც არის ევროპა. პასუხისმგებლობას, რა თქმა უნდა, თავიდან ბოლომდე ხელისუფლებას ვაკისრებ“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
როგორც საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, ევროკავშირს არ შეუძლია მოლდოვა და უკრაინა ერთმანეთისგან გამიჯნოს და ამიტომ სურს, მათ სტატუსზე პოზიტიური სიგნალი გაუგზავნოს. მაკრონმა ასევე განაცხადა, რომ მოლაპარაკებების მაგიდაზეა ასევე საქართველო, რომელიც “გეოპოლიტიკურად განსხვავებულ ადგილზეა“.