თუ ამგვარ ფაქტს აქვს ადგილი, რა თქმა უნდა, რაღაც დასამალი აქვს -კახა კალაძე თინა ხიდაშელის ჩეხეთში რეგისტრირებული NGO-ზე

არასამთავრობო ორგანიზაცია თუ გაქვს და ქართულ საქმეს ემსახურები, რა არის დასამალი, პირიქით, საამაყო უნდა იყოს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძეს კითხვა დაუსვეს მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ გამჭვირვალობის კანონისთვის გვერდის ავლას ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი არასამთავრობო ორგანიზაციის, „სამოქალაქო იდეის” ჩეხეთში დარეგისტრირებით ცდილობს.

კალაძის თქმით, მსგავსი არასამთავრობო ორგანიზაციები, რეალურად, ფულს იღებენ საქართველოს და ქართველი ხალხის მტრობისთვის.

„დეტალები არ ვიცი, თუმცა ამგვარ ფაქტს თუ აქვს ადგილი, რა თქმა უნდა, რაღაც დასამალი აქვს. არასამთავრობო ორგანიზაცია თუ გაქვს და ქართულ საქმეს ემსახურები, ქართველი ხალხის საქმეს აკეთებ, რა არის დასამალი, პირიქით, საამაყო უნდა იყოს. ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ ეს ვითომ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ვითომ ქართულ საქმეს აკეთებენ, რეალურად ფულს იღებენ იმაში, როგორ უმტრონ საქართველოს და ქართველ ხალხს. კარგ საქმეს თუ აკეთებ, რატომ უნდა იყოს დასამალი? პირიქით, ღია უნდა იყო და აფიშირება გააკეთო იმ კარგი საქმეების, რაც გაქვს ჩაფიქრებული და მიზნად დასახული. რეალობა არის ის, რომ ფულს იღებენ იმაში, როგორი ბოროტება გააკეთონ, როგორ წავიდნენ ქვეყნის წინააღმდეგ. ეს არის მოცემულობა”, – განაცხადა კახა კალაძემ.