წყალტუბოში მომხდარი შემთხვევა არის კიდევ ერთი დადასტურება იმ ფაშისტური საქმიანობის, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობა” ეწევა -გივი მიქანაძე

წყალტუბოში მომხდარი შემთხვევა არის კიდევ ერთი დადასტურება და გამოხატულება იმ ფაშისტური პოლიტიკის და საქმიანობის, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ეწევა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ „ქართული ოცნების“ წევრის, ერმილე გიგიაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მიქანაძემ ერმილე გიგიაძის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა და მმართველი გუნდის სახელით, გიგიაძის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა.

„დღევანდელი ბრიფინგის დაწყება გვიწევს უმძიმესი ამბით, რომელიც ეხება ჩვენი გუნდის წევრის, ერმილე გიგიაძის გარდაცვალებას. გუშინ წყალტუბოში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი როლანდ ნუცუბიძე ჩვენი პარტიის ოფისში მივარდა და ერმილე გიგიაძეს არაერთგზის სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შედეგადაც, ნერვიულობის ფონზე, ეს ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა. ეს არის კიდევ ერთხელ დადასტურება და გამოხატულება იმ ფაშისტური პოლიტიკის და საქმიანობის, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ეწევა და აგრძელებს ამას თავისი ჩვეული მეთოდებით.

მინდა, ჩვენი გუნდის სახელით გამოვხატო ღრმა მწუხარება და სამძიმარი ერმილე გიგიაძის ოჯახისა და ახლობლების მისამართით“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.