თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებლის მშენებლობას იწყებს. 350 სტუდენტზე გათვლილი საერთო საცხოვრებელი მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის ტერიტორიაზე განთავსება და თანამედროვე სტანდარტებს სრულად დააკმაყოფილებს.
უნივერსიტეტის პრესსამსახურის ცნობით, სამშენებლო სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდება. პირველ ეტაპზე ჩატარდება შენობის პროექტირება და გამაგრებითი სამუშაოები, ხოლო მეორე ეტაპზე მთლიანი შენობის რეაბილიტაცია.
როგორც თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ აღნიშნა, საერთო საცხოვრებლის ტერიტორიაზე მოეწყობა სტუდენტური სივრცეები, სპორტული მოედნები. შენობა აღიჭურვება თანამედროვე ინვენტარით, რომელიც მორგებული იქნება სტუდენტების საჭიროებებზე.
„სტუდენტური საცხოვრებელი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომლის განხორციელებას უნივერსიტეტი უკვე იწყებს. ახალი საცხოვრებელი მაქსიმალურად დააკმაყოფილებს სტუდენტების საჭიროებებს და სათანადო პირობებს შეუქმნის მათ. საცხოვრებელი მოეწყობა თანამედროვე ინფრასტრუქტურით და შესაბამისობაში იქნება საერთაშორისო სტანდარტებთან. შენობის გარეთ ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და მოეწყობა გარე სივრცეები“, – განაცხადა რექტორმა.
სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობის დასრულება 2024 წლისთვის იგეგმება.