თბილისის საკრებულოს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე საბურთალოს რაიონში ახალი რეკრეაციული სივრცის მოწყობასთან დაკავშირებით, დედაქალაქის მერის, კახა კალაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
„ჩემთვის, როგორც საბურთალოს მაჟორიტარისთვის, მნიშვნელოვანია, რომ წინა ხელისუფლების დროს გაყიდული და კორპუსების ასაშენებლად გამზადებული ტერიტორია, დღეს, კახი კალაძის გადაწყვეტილებით, დაუბრუნდა საბურთალოს და საბურთალოელებს, სადაც კიდევ ერთი ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა“.–აღნიშნა ავთანდილ ცინცაძემ.
მისივე თქმით, მიწის ნაკვეთების მონაცვლეობა ურბანულად ერთ–ერთ ყველაზე პრობლემურ მონაკვეთში – სპორტის სასახლის მიმდებარედ განხორციელდა. კერძოდ, მერაბ კოსტავას გამზირზე, რესტორანთან „მაკდონალდსი“(1700 კვ/მ) და ბერბუკის ქუჩაზე (1000კვ/მ).
„სპორტის სასახლის მიმდებარედ, წლების მანძილზე არსებობდა ქაოტური განაშენიანების პრობლემა და სწორედ ამიტომ, აქ მცხოვრები ადამიანებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მწვანე სივრცეების არსებობა. სულ მალე, კორპუსების აშენების მიზნით გასხვისებული ტერიტორიები, ადგილობრივი მოსახლეობის დასვენებისა და გართობის ადგილებად გადაიქცევა“, – განაცხადა ავთანდილ ცინცაძემ.