წარმოუდგენელია, ევროპელი ამბობდეს, რომ გამჭვირვალობა დააშორებს რომელიმე ქვეყანას ევროპას. ეს არის საუკუნის პარადოქსი, ისევე როგორც საუკუნის აფერაა, როდესაც ვამბობთ, რომ კანონი არის რუსული, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„წარმოუდგენელია, ევროპელი ამბობდეს, რომ გამჭვირვალობა დააშორებს რომელიმე ქვეყანას ევროპას. ეს არის საუკუნის პარადოქსი, ისევე როგორც საუკუნის აფერაა, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ კანონი არის რუსული. როდესაც ამას ვიღაცა აკეთებს, ეს არის საუკუნის უდიდესი თაღლითობა. ამაში ადამიანები გაეხვნენ, ამას ადამიანები აორგანიზებენ. ორი კატეგორიაა, მეტი არ არსებობს. ან არის ამ ბინძური კამპანიის მსხვერპლი ადამიანი, რომელიც აპროტესტებს ამ კანონს, ან არის ამ კამპანიის ორგანიზატორი, მეტი კატეგორია აქ არ არსებობს. შეუძლებელია, ან დააჯერეს ძალით, ან აორგანიზებს. რამდენჯერმე სპეციალურად გავიმეორე, ეს არის საუკუნის აფერა, იქიდან გამომდინარე, რომ კანონში ერთი სიტყვაც ვერ მოძებნეს ისეთი, რაც შეიძლება იყოს რუსულ კანონმდებლობაში და არ იყოს სხვა ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნების კანონმდებლობაში. როდესაც ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ქვეყნებიდან გვესმის, რომელიც დააშორეს, უნდა დავაკონკრეტოთ კითხვა რატომ, რატომ დააშორებს? ეს არის მთავარი კითხვა. კეთილი ინებოს ყველა მეგობარმა, თუ არამეგობრულად მოქმედმა ადამიანმა, ვინც არ უნდა იყოს, ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარედან, დააკონკრეტოს რატომ დააშორებს? როგორ შეიძლება გამჭვირვალობის ინტერესმა ხალხის მიმართ და ხალხის წინაშე ანგარიშვალდებულების ინტერესმა ქვეყანა ევროპას დააშოროს? ასე გვეუბნებოდნენ შარშან, შარშანწინ, მაგრამ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო.
ყველაზე მთავარი ახლა იცით რა არის? – ახლა „ნაცების“ ფლანგი იბრძვის ევროპულობის ეგიდით, არცერთი ნაბიჯი მათ ევროპასთან დაკავშირებით წინ არ გადაუდგამთ. ყველა არის „ქართული ოცნების“ ანგარიშზე, ეს იქნება ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი ვაჭრობა, ევროპული პერსპექტივა, ვიზალიბერალიზაცია, თუ ბოლოს კანდიდატის სტატუსი. ჩვენ გავხსნით მოლაპარაკებებს, ჩვენი ბრძოლით და სიმართლით მოვიპოვებთ ამას და ჩვენი ქვეყანა ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი გახდება. მე შემთხვევით არ მითქვამს, ეროვნული თავმოყვარეობის ამბავია, არა მხოლოდ ის, რომ საქართველო ევროპაში, არამედ ევროპა ქართველებთან ერთად და ჩვენ ამის ჯანსაღი ამბიცია გვაქვს“, – განაცხადა მდინარაძემ.
გარდა ამისა, მდინარაძის შეფასებით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური „არის უცხო ქვეყნის აგენტი“.
„ეკა გიგაური არის უცხო ქვეყნის აგენტი. სხვანაირად ვერ წარმოიდგენს ქართველი ადამიანი, რომ თავისი ქვეყნის დასანქცირებაზე ილაპარაკოს. წარმოუდგენელია“, – აღნიშნა მდინარაძემ.