თქვენთვის ყოველთვის სისხლის ბოლო წვეთამდე ვიბრძოლებ -ლაშა ბექაური

თქვენთვის ყოველთვის ბოლომდე, სისხლის ბოლო წვეთამდე ვიბრძოლებ, – ამის შესახებ ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განაცხადა, სადაც მას და ქართველ ძიუდოისტებს გულშემატკივრები დახვდნენ.

„მიყვარხართ გულში. დახვედრა იმაზე ათჯერ მაგარი იყო, ვიდრე ველოდი და დიდი მადლობა ყველას“, – აღნიშნა ბექაურმა.

ლაშა ბექაური გახდა პირველი ქართველი ძიუდოისტი, რომელმაც ოლიმპიური ჩემპიონობა ორჯერ იზეიმა.

ქართველი ძიუდოისტები პარიზის ოლიმპიური თამაშებიდან სამშობლოში დაბრუნდნენ.

ქართველ ძიუდოისტებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გულშემატკივრები, ოჯახის წევრები და ვეტერანი ძიუდოისტები დახვდნენ. ადგილზე შეკრებილებმა მადლობა გადაუხადეს სპორტსმენებს საუკეთესო ასპარეზობისა და საქართველოს ღირსეულად წარმოჩენისთვის.

პარიზის ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტებმა საქართველოს დელეგაციას სამი მედალი მოუტანეს. ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური გახდა, ვერცხლის მედლები კი ილია სულამანიძემ და ტატო გრიგალაშვილმა მოიპოვეს.

ისტორიაში პირველად, ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს შერეულმა გუნდმაც იასპარეზა, რომელიც მერვედფინალში იტალიასთან 3:4 დამარცხდა.