თითოეული ქართველის ამოცანა უნდა იყოს, რომ საქართველო ყველამ აღიქვას როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო – ირაკლი ქადაგიშვილი

არჩევნები დღეს დემოკრატიულ საზოგადოებაში არის ის დღე, როდესაც ხალხი უშუალოდ პირდაპირ ახორციელებს თავის უფლებას ხელისუფლებასთან დაკავშირებით. თითოეული ქართველის ამოცანა უნდა იყოს, რომ საქართველო ყველამ აღიქვას როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, – განაცხადა „დღის ქრონიკაში“ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის დელეგატმა, საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.

„უპრეცედენტო გეოპოლიტიკური დაპირისპირების დროს საქართველოს ხელისუფლება ზეწოლას ღირსეულად უძლებდა, ქვეყანაში შეინარჩუნა მშვიდობა. დღეს არჩევნები ქვეყანას კონკრეტულ კითხვას უსვამს – დადგებით საქართველოს მშვიდობის, საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და კეთილდღეობის სადარაჯოზე?! ანუ მიიღებთ მონაწილეობას ამ პოლიტიკის ლეგიტიმაციაში არჩევნების გზით?! თუ ეს მოხდება და ხალხი მასობრივად მოვა არჩევნებზე, მხარს დაუჭერს მშვიდობიანი განვითარების გზას, რა თქმა უნდა ეს იქნება ყველაზე მკაფიო გზავნილი“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.