ტელეარხ ТНТ-ის გენერალურ დირექტორს და კრემლის პროპაგანდისტს თინა კანდელაკს ყაზახეთში შესვლა აეკრძალა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა აიბერ სმადიაროვმა განაცხადა.
ყაზახეთის ხელისუფლება აღშფოთებულია თინა კანდელაკის განცხადებებით, რომელშიც მან ყაზახებს შეურაცხყოფა მიაყენა.
აიბერ სმადიაროვის განცხადებით, “ყაზახეთი ასეთ რამეს არავის არასოდეს პატიობს”.
“შესაძლოა, მას არც მოუნდეს ყაზახეთში ჩამოსვლა, მაგრამ თუ დააპირებს, არ შემოუშვებთ”, – თქვა მან.
16 იანვარს კანდელაკი გამოეხმაურა ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებას, რკინიგზის სადგურებისთვის რუსული დასახელებების ყაზახურით ჩანაცვლების თაობაზე.
“როგორც ბალტიისპირეთის გამოცდილება აჩვენებს, ეს ძალიან საშიში ტენდენციაა. აქაც ყველაფერი ნელნელა დაიწყო, შემდეგ დახურეს რუსული სკოლები, აიღეს საბჭოთა ძეგლები, აკრძალეს რუსული ენა და ბოლოს, პენსიონერები სიცივეში გამოაგდეს”, – წერდა მაშინ კანდელაკი ტელეგრამის არხზე.
მოგვიანებით, კანდელაკი კიდევ უფრო შორს წავიდა და ყაზახებს “მანქურთები” უწოდა.
გასული წლის ოქტომბერში, ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აწარმოებენ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა რეესტრს, რომლებიც უარყოფითად საუბრობენ ყაზახეთზე. ასეთ პირებს ქვეყანაში შესვლა ეკრძალებათ.