2022 წელს, გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის დაჯილდოებულმა კომპანიამ, სამკერვალო „ლიდერმა“ ბიზნესდაჯილდოებაში მოპოვებული წარმატების შედეგად წარმოება გააფართოვა, ახალი სოციალური მიზნები დაისახა, ISO-ს სერტიფიკატი მოიპოვა და საექსპორტო ბაზარი გაზარდა. კომპანიის მიზნები და ბიზნესდაჯილდოების პროექტში მოპოვებულ წარმატებაზე „ლიდერის“ დამფუძნებელი, ნინო გიორგაძე გვიამბობს:
„კომპანიამ საქმიანობა 2016 წელს, გორში, მცირე ატელიეთი და სამი დასაქმებული ქალით დაიწყო. შემოსავალზე ორიენტირებულობის გარდა, ჩვენთვის თავიდანვე ცხადი და მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ საწარმოს სოციალური დანიშნულება მიზნები ჰქონოდა. გვინდოდა, დავხმარებოდით შიდა ქართლის რეგიონში მცხოვრებ, სოციალურად დაუცველ ქალებს. ამ მიზნით, გადავწყვიტეთ, მათთვის უფასოდ გვესწავლებინა ჭრა-კერვა და ამგვარად გაგვეძლიერებინა ისინი ფინანსურად და სოციალურად.
თავდაპირველად გადავამზადეთ 7 იძულებით გადაადგილებული ქალი, რომელთაგანაც ნაწილი ჩვენსავე საწარმოშივე დავასაქმეთ. ჭრა-კერვის გარდა, ამ ქალებს ვასწავლეთ ყველაფერი, რაც მათ ფინანსურ დამოუკიდებლობაში დაეხმარებოდა. ამით, ერთი მხრივ, ეს ქალები გავაძლიერეთ, მეორე მხრივ კი შევქმენით კვალიფიციური კადრები ჩვენივე ბიზნესისთვის. ამ მიმართულებისთვის არც შემდეგ გადაგვიხვევია.
დღემდე გადამზადებული გვყავს 416 ქალი, ამათგან 45% უკვე დასაქმდა – ნაწილი ჩვენთან, ნაწილი სხვა საწარმოებში, ნაწილმა კი თავად წამოიწყო მცირე ბიზნესი.
ჩვენს საწარმოში მუდმივად ვამზადებთ 30 ქალს. ეს უწყვეტი პროცესია. ამ სოციალურმა აქტივობებით „ლიდერი“ ძალიან კარგად პოზიციონირდა ბაზარზე – ჩვენით დაინტერესდნენ საერთაშორისო ორგანიზაციები, პროფესიული სასწავლებლები, ვთანამშრომლობთ ადგილობრივ თვითმმართველობასთან, კომერციულ ორგანიზაციებთან. ამასთანავე, გაიზარდა კორპორაციული კლიენტების რაოდენობაც.
ასე გავხდით ისეთი დიდი კომპანიების პარტნიორები, როგორიცაა „თეგეტა“ და „ვისოლი“.
პარალელურად სულ ვმუშაობთ გარემოს დაცვის მიმართულებითაც. ჩვენ ვართ ამიერკავკასიის რეგიონში ერთადერთი საწარმო, რომელიც არა მხოლოდ საკუთარი წარმოების, არამედ 35 სხვა საწარმოს ნარჩენებსაც გადაამუშავებს და მისგან ახალ პროდუქციას ქმნის. გასული წლის განმავლობაში 10 ტონა ნარჩენი გადავამუშავეთ.
2022 წელს ბიზნესდაჯილდოების პროექტში მეორედ მივიღეთ მონაწილეობა და ამჯერად კიდეც გავიმარჯვეთ. ჯილდო მოგვენიჭა ნომინაციაში „გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობა“. ეს იყო პირველ რიგში უდიდესი აღიარება და დიდი მოტივაცია, რადგან ერთია, შენი სურვილით, ენთუზიაზმით რომ აკეთებ რაღაცას და მეორეა, როცა ვიღაც ამჩნევს და აღიარებს ამ შრომას. ეს გამარჯვება უდიდესი მოტივაცია იყო მთელი გუნდისთვის.
გარდა მოტივაციისა, ამ ჯილდომ ფინანსური და სოციალური თვალსაზრისითაც დიდი წარმატება მოგვიტანა: გავზარდეთ წარმოება, დამატებით დავასაქმეთ 17 ადამიანი, გავაფართოვეთ საექსპორტო ბაზარი – თუ მანამდე ჩვენი პროდუქციის მხოლოდ 30% გადიოდა საზღვარგარეთ, ახლა ექსპორტმა 75%-ს გადააჭარბა. ამ ჯილდოს აღება ძალიან მომგებიანი აღმოჩნდა რეპუტაციულადაც, რაც პირდაპირ აისახა რიცხვებზე.
„თიბისი ბიზნესისთვის“ დიდი ხანია იქცა ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორად. ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ვგრძნობთ, რომ გვერდით გვყავს ძალიან დიდი და საიმედო კომპანია, რომელიც ბიზნესს ზრდის და ეხმარება განვითარებაში. ეს ძალიან დიდი ბიძგია ბიზნესისთვის ზოგადად და მცირე ბიზნესისთვის განსაკუთრებით.“
R