თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა საზანოში, მდინარე ძუსაში ოთხი ადამიანი დაიხრჩო

თერჯოლის მუნიციპალიტეტში, მდინარე ძუსაში ოთხი ადამიანი დაიხრჩო. შემთხვევა სოფელ ზედა საზანოში მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ექვსი ადამიანი ჩანჩქერზე იმყოფებოდა, რა დროსაც ერთ-ერთს ფეხი დაუცურდა და წყალში ჩავარდა. მის დასახმარებლად მდინარეში ოთხი ადამიანი ჩავიდა, თუმცა ისინი მდინარემ გაიტაცა.

ერთი თანმხლები პირი კი ხმელეთზე დარჩა.

არსებული ინფორმაციით, დაღუპულია სოფელ საზანოში მცხოვრები მამა-შვილი და სტუმრად მყოფი ორი ახალგაზრდა გოგო.

მდინარიდან ამოყვანილი კიდევ ერთი ადამიანი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

 თერჯოლის მერის, მანუჩარ რობაქიძის განცხადებით, ცხედრები ქუთაისში, პროზექტურაშია გადაყვანილი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.