ტერიტორიული რეზერვის პროგრამა გრძელდება

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ტერიტორიული რეზერვის პროგრამას განაგრძობს. ტერიტორიული, ანაზღაურებადი რეზერვი სამხედრო ვალდებულების მოხდის ნებაყოფლობით ფორმას წარმოადგენს და ქვეყნის თავდაცვაში მოქალაქეების ჩართულობას უზრუნველყოფს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეზერვში მიიღებიან საქართველოს მოქალაქეობის მქონე 18 დან 51 წლამდე პირები, მათ შორის სტუდენტები 18 დან 22 წლის ჩათვლით. მიღებისას რეზერვისტს ოთხწლიანი კონტაქტი უფორმდება. მათი ანაზღაურება ყოველთვიურად წოდებრივი სარგოს 20% შეადგენს, ხოლო ქვედანაყოფში ყოფნისას ხელფასს სრულად იღებენ. რეზერვში ჩარიცხული რეზერვისტის მინიმალური წლიური ანაზღაურება 4 218 ლარია. ტერიტორიულ რეზერვში გაწვევა/ჩარიცხვა ხდება ტერიტორიული (რეგისტრაციის ადგილის) პრინციპით. რეზერვისტების საბრძოლო მომზადება წლის განმავლობაში 45 დღემდე პერიოდს მოიცავს, რომელიც 12 თვეზე თანაბრად ნაწილდება. შეკრებაზე გამოცხადების თარიღები წინასწარ არის ცნობილი.

მომზადების კურსის მთავარი მიზანია საველე შეკრებებზე რეალური საბრძოლო უნარების შესწავლა. ტერიტორიული რეზერვის გავლის პერიოდში მოქალაქეები უზრუნველყოფილნი არიან სოციალური და სამართლებრივი დაცვით, ასევე ინდივიდუალური სამედიცინო დაზღვევით. რეზერვში მიღება რეგისტრაციისა და სამხედრო სამედიცინო შემოწმების გავლის საფუძველზე ხორციელდება.