შვეიცარიის გერმანულენოვან ყოველდღიურ გაზეთ “ტაგეს ანცაიგერში” (Tages Anzeiger) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „თბილისური არეულობები: აშორებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ევროპისაგან?“ (ავტორი – ფრენკ ნინჰეისენი).
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
„იგი მაღალ გორაკზე ცხოვრობს, რომელიც თბილისს ზემოდან გადმოჰყურებს. მისი სახლი აგებულია მინისა და ფოლადისაგან. მას შეუძლია პირდაპირ უყუროს თბილისის ძველ უბნებს და სამების ტაძარს, რომელიც თვითონვე ააშენა. აქ, მის სახლში არის [ბრიტანელი მხატვრისა და მოქანდაკის] ჰენრი მურის მიერ შექმნილი სკულპტურების ასლები, ვერტმფრენის დასაშვები მოედანი და ბოტანიკური ბაღი. რეზიდენციაში ასევე აქვს ზოოპარკი ეგზოტიკური ცხოველებით.
ბიძინა ივანიშვილი, მილიარდერი, საქართველოს უმდიდრესი ადამიანი, იმერეთის ერთ სოფელში დაიბადა და ბავშვობაში ფეხშიშველი დარბოდა. იგი ოდესღაც ღარიბი ადამიანი იყო, დღეს კი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის ქვეყნის უმდიდრესი მოქალაქეა. მასზე ბოლო დროს ძალიან ბევრს ლაპარაკობენ, მას საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მღელვარების მონაწილედ თვლიან და უფრო მეტიც – მთავარ პასუხისმგებელ პირად.
საით მიჰყავს ბიძინა ივანიშვილს თავისი ქვეყანა?
ბევრი მიიჩნევს, რომ სწორედ იგი, 68 წლის ადამიანი, არის წინააღმდეგობრივი კანონის – „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ – მთავარი მამოძრავებელი ძალა. ბიძინა ივანიშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრია, მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ დამაარსებელი და მისი საპატიო თავმჯდომარე, რომელიც მოვლენებს და პროცესებს ფარულად, კულისებიდან მართავს.
ოთხშაბათს აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო, საბოლოო, მესამე მოსმენა კი მომავალი ორი კვირის განმავლობაშია მოსალოდნელი. ათეულ ათასობით ადამიანი აპროტესტებს ამ საკანონმდებლო აქტს, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტიც, რომელიც მას „რუსულ კანონს“ უწოდებს. ისინი შიშობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი პარტია კანონს სამოქალაქო საზოგადოებისადმი კონტროლისათვის გამოიყენებს, მისი მეშვეობით საქართველოს ევროპისაგან დააშორებს.
ბიძინა ივანიშვილი ხალხის წინაშე იშვიათად გამოდის, თუმცა მან ორშაბათს ტრადიცია დაარღვია და მიტინგზე სიტყვით გამოვიდა. სავარაუდოდ, მას არ სურდა მსგავსი ნაბიჯი გადაედგა, მაგრამ პროტესტებმა აიძულა.
ყოფილი პრემიერი და პარტიის დამაარსებელი შეკრებილ ხალხს დაჰპირდა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი 2030 წლისათვის გახდება. მაგრამ იგი „ლგბტ-პროპაგანდისა“ და რაღაც გაურკვეველი გლობალური ომის პარტიის“ წინააღმდეგაც გამოვიდა, რომელსაც თურმე ევროკავშირში, ევროპარლამენტში და ნატოში ძლიერი გავლენა აქვს.
ევროპაში ბიძინა ივანიშვილის მოქმედების ნამდვილი მიზანი გაუგებარია. ერთი მხრივ, ბრიუსელში დადებითად უყურებენ იმას, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა, მაგრამ მეორე მხრივ, როცა მმართველი პარტია ხელკეტებისა და ცრემლმდენი გაზის გამოყენებით მაინც ცდილობს იმ კანონის საბოლოო მიღებას, რომლის თაობაზეც გერმანიის კანცლერმა ნეგატიური დამოკიდებულება გამოხატა, ევროპელებში საშინელ განწყობას იწვევს – ზოგიერთი პოლიტიკოსი, მაგალითად, ვიოლა ფონ კრამონი, ევროკომისიას ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას სთხოვს.
იყო დრო, როცა ბიზნესმენი ქველმოქმედებას ეწეოდა ცამეტი წლის წინათ, როცა ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოვიდა და პარტია „ქართული ოცნება“ შექმნა, მან თქვა, რომ პოლიტიკით არასოდეს დაინტერესებული არ ყოფილა და რომ იგი პოლიტიკური მოვლენების არსში ღრმად ჩაწვდომას არ ცდილობდა. იმ პერიოდში ბიძინა ივანიშვილს საკუთარი თავი უფრო სიკეთის მკეთებლად, ქველმოქმედად მიაჩნდა – აშენებდა ეკლესიებს და სკოლებს, თეატრებს, ფორმებისა და აღჭურვილობის შეძენაში ეხმარებოდა პოლიციას… შემდეგ კი მან პოლიტიკური ხელისუფლებაც მოისურვა: 2012 წელს მისმა პარტიამ არჩევნებში გაიმარჯვა და ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრი გახდა. ერთი წლის შემდეგ გადადგა, მაგრამ პარტიის ლიდერობა შეინარჩუნა, საბოლოოდ კი ლიდერობაზეც უარი თქვა… თუმცა თანამდებობით თუ თანამდებობის გარეშე, მილიარდერი რეალურად დღემდე მაინც ხელისუფლებაში რჩება.
ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე აცხადებდა, რომ იგი ქვეყანას რუსეთს დაუახლოებს, რადგან მან თავისი ქონება რუსეთში დააგროვა და მხარს უჭერს მოსკოვთან ურთიერთობასო. მართლაც ასე მოხდა. რუსეთმა გააუქმა ბოიკოტი ქართული ღვინისა და მინერალური წყლების იმპორტზე, განაახლა პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოსთან… და ახლა კიდევ ეს კანონპროექტიც, რომელიც, როგორც ამბობენ, გადმოტანილია რუსული კანონიდან „აგენტების შესახებ“. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა მიტინგზე ბიძინა ივანიშვილმა გამოაცხადა, რომ თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველო გაერთიანდება და ევროკავშირის წევრი გახდებაო, მაგრამ მისი უკვე ბევრს აღარ სჯერა – მეორე დღეს ქუჩები მისი მოწინააღმდეგეებით გაივსო.