თბილისის საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტ აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიციის გადაწყვეტილება მიიღო

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ექსტრადირებული იქნება. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არსენ კალატოზიშვილმა მიიღო.

დღევანდელ პროცესზე სადიგოვის ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხი განიხილებოდა.

სხდომას ესწრებოდა თავად დაკავებული ჟურნალისტიც, რომელიც თითქმის, ორი თვეა, შიმშილობს.

სადიგოვი პენიტენციური დაწესებულებიდან ეტლით მოიყვანეს.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარე მისი შუამდგომლობის დასაშვებად ცნობას ითხოვდა.

კერძოდ კი, პროკურორი ქეთევან ვაშაკიძე აფგან სადიგოვის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ექსტრადირების დასაშვებობის საკითხის დაკმაყოფილებას ითხოვდა, ვინაიდან, ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა განხორციელდეს, რომელიც აზერბაიჯანის შსს-ს დადგენილებაშია მოცემული.

ამასთან პროკურორი სხდომაზე განმარტავდა, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლების კომპეტენტური ორგანოებიდან მიღებული აქვთ გარანტიები, რომ სადიგოვი არ დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ მოპყრობას და რომ მის მიმართ სისხლისსამართლებრივ დევნას პოლიტიკური ხასიათი არ აქვს.

ამასთან, ვაშაკიძე განმარტავდა, რომ აზერბაიჯან-საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში გარანტიების დარღვევის ფაქტები არ მომხდარა.

დაცვის მხარე არ დაეთანხმა პროკურატურის შუამდგომლობას. ადვოკატი ქეთევან ჩუთლაშვილი აცხადებდა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხრიდან სადიგოვის ექსტრადიცია მისი დასჯის მიზნითაა მოთხოვილი. ადვოკატის თქმითვე, ჟურნალისტს ცრუ ბრალდება აქვს წარდგენილი, რის საფუძველზეც მის გადაცემას ითხოვენ.

ადვოკატის თქმით, სადგოგოვი ექსტრადირების შემთხვევაში მისი პროფესიული საქმიანობის გამო დევნას დაექვემდებარება.

ქეთი ჩუთლაშვილმა დიპლომატიურ გარანტიებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ცალკე აღებული, ვერ იქნება გარანტია, რომ სადიგოვის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტი არ იარსებებს, რომელსაც უკვე ჰქონდა ადგილი. შესაბამისად, ადვოკატი მიიჩნევს, რომ ეს გარანტიები დამცავი ინსტრუმენტი ვერ იქნება.

ცნობისთვის, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი საქართველოში მიმდინარე წლის 3 აგვისტოს დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა აქვს შეფარდებული.

აფგან სადიგოვს აზერბაიჯანში მიმდინარე გამოძიების საფუძველზე გამოძალვის ორ ეპიზოდს ედავებიან. სადიგოვი 12 სექტემბრიდან შიმშილობს, აღნიშნულის დაწყების მიზეზი მიგრაციის დეპარტამენტისგან თავშესაფრის მიღებაზე უარია.