თბილისის მიმდებარედ, ტყის მასივებში გავრცელებული ხანძრები ლიკვიდირებულია

თბილისის მიმდებარედ, ტყის მასივებში გავრცელებული ხანძრები ლიკვიდირებულია.
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გუშინ შემოსული შეტყობინებების თანახმად, თბილისის მახლობლად, ტყის მასივებში: ნაფეტვრების დასახლებასთან, წავკისის მიმდებარედ და თბილისი-წყნეთის დამაკავშირებელ გზასთან ხანძრები გაჩნდა. 
 
სამივე ლოკაციაზე ცეცხლის გავრცელებას ხელს უწყობდა ძლიერი ქარი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა უმოკლეს დროში მოახდინა ხანძარზე მორეაგირე ძალების მობილიზება. თავდაპირველად, საფრთხის მაღალი ხარისხის გამო, ნაფეტვრების დასახლების მიმდებარედ არსებული ცეცხლის კერის ლოკალიზება მოხდა. პარალელურად მიმდინარეობდა ხანძრის ქრობის ღონისძიებები წყნეთსა და წავკისთან. 
 
მეხანძრე-მაშველთა სწრაფი და ეფექტიანი მოქმედების შედეგად, დროულად მოხდა ხანძრების ლოკალიზება და შემდეგ – ლიკვიდაცია.