“თბილისი-კიევი- უპრეცედენტო კრიზისი ურთიერთობებში, რომელსაც დასასრული არ უჩანს”-“ამერიკის ხმა”

ამერიკული სამაუწყებლო კომპანია Voice of America („ამერიკის ხმა“) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს სათაურით „თბილისი-კიევი: უპრეცედენტო კრიზისი ურთიერთობებში, რომელსაც დასასრული არ უჩანს“, რომელშიც გაანალიზებულია საქართველო-უკრაინის ურთიერთობების ამჟამინდელი მდგომარეობა, რუსეთთან მიმდინარე ომის ფონზე.

გთავაზობთ პუბლიკაციის ტექსტს:

უკრაინაში რუსეთის საოკუპაციო ძალების შეჭრის მეორე წლისთავზე, საქართველოს და უკრაინას შორის ორმხრივი ურთიერთობები, შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. კიევს უკვე მეორე წელია გაწვეული ჰყავს ელჩი საქართველოდან იმის გამო, რომ თბილისი არ შეუერთდა, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს.

2023 წლის ივლისში, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს რეკომენდაციით, კიევი ასევე დატოვა უკრაინაში საქართველოს ელჩმა გიორგი ზაქარაშვილმა. უკრაინის ეს დემარში, უკრაინის მოქალაქის, ამჟამად, საქართველოში პატიმრობაში მყოფი, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის „მკვეთრ გაუარესებას“ მოჰყვა.

ივლისშივე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში პროტესტის გამოსახატად დაიბარეს, უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული. თბილისმა ასე უპასუხა უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რუსეთში ფრენების დაწყების გამო, სანქციები დაეწესებინა ქართულ ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისისა“ და მისი პრეზიდენტის თამაზ გაიაშვილისთვის.

„ეს რომ არანაირად არ წაადგება, არც საქართველოს და არც უკრაინას, მე მგონი ყველასთვის ცხადია. ურთიერთობების გაფუჭება უსასრულოდ შეიძლება, მაგრამ უნდა ვიფიქროთ იმ შედეგზე, რაც ორივე ქვეყნისთვის შეიძლება დადგეს“ – უთხრა „ამერიკის ხმას“ თენგიზ ფხალაძემ, საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის (ECIPE) უფროსმა მკვლევარმა, საქართველოს პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა.

თენგიზ ფხალაძის თქმით, „თანამედროვე საქართველოს და უკრაინის ურთიერთობები, ამ 30 წლის მანძილზე, ძალიან დიდი რუდუნებით და შრომით შენდებოდა. არაფერს ვამბობ, ქართველი და უკრაინელი ხალხების ისტორიულ კავშირებზე. ჩვენ ორივეს გვყავს ერთი მტერი ეს არის რუსეთი და არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა რომ გაგვხლიჩოს.

ჩვენ ორივე მივდივართ, ევროკავშირისკენ და ნატოსკენ, აქაც ცალ-ცალკე სიარული ძალიან გაგვიჭირდება. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ურთიერთობების გაფუჭება ძალიან ადვილია, მაგრამ ურთიერთობების აშენება და გაფუჭებულის გამოსწორება არის ძალიან რთული. ერთის მხრივ, საქართველოს მხარე, დიდი ხანია ნაწყენია უკრაინაზე, რადგან „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ოპონენტები იყვნენ და არიან აქტიურები უკრაინაში. მეორეს მხრივ, უკრაინის ხელისუფლება ნაწყენია იმ განცხადებების გამო, რომელიც კეთდება საქართველოს მხრიდან, ომის პერიოდში განსაკუთრებით. ამ ფონზე ურთიერთობების განვითარება არის შეუძლებელი“, – მიაჩნია თენგიზ ფხალაძეს.

ის, რომ საქართველოსა და უკრაინას ორმხრივ ურთიერთობებში სერიოზული კრიზისია, დაადასტურა უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეორე წლისთავისადმი მიძღვნი პანელურ დისკუსიაზე, ოლექსანდრ შულგამ აღნიშნა, რომ „ამჟამად ჩვენი ურთიერთობა დიპლომატიურ კონტექსტში საკმაოდ დაბალია“.

„მშვიდად ვერ შევხედავთ, რუსი ტურისტების იმ რაოდენობას, რომელიც საქართველოში ჩამოდის, რუსული ეკონომიკური გავლენის გაძლიერებას საქართველოში და ავიამიმოსვლის აღდგენას, როდესაც რუსეთში ფრენაზე ყველა უარს ამბობს. ვფიქრობ, რომ ეს საკითხი კომპლექსურადაა განსახილველი“ – განაცხადა უკრაინელმა დიპლომატმა და ხაზი გაუსვა, რომ „უკრაინა არასდროს საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებში არ ჩარეული“.

უკრაინა ასევე უკმაყოფილოა, რომ ჯერჯერობით ვერ მიიღო თბილისიდან პასუხი საინჟინრო ტექნიკის მიწოდებაზე. „ჩვენ არ გვითხოვია სამხედრო ტექნიკა, საქართველოს მთავრობას ვთხოვეთ, რომ საინჟინრო ტექნიკა მოგვაწოდონ, იმ პირობებში როდესაც მუდმივად იბომბება უკრაინის ინფრასტრუქტურა, აუცილებელია აი ამ ნანგრევებისგან გასუფთავება, იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე მივუღებთ ამის შესახებ პასუხს” – თქვა შულგამ.

თბილისსა და კიევსა შორის უკიდურესად დაძაბული სიტუაცია, შესაძლოა არც გამოსწორდეს, თუ საქართველოში (ან უკრაინაში) ხელისუფლება არ შეიცვალა, თვლიან ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტია „გირჩში“.

„მე მაგალითად, სინამდვილეში ახალი მთავრობა თუ ეყოლება საქართველოს, გადავტვირთავდი ამ ურთიერთობებს, როგორც დასავლეთთან, ახალი პირობებით, ისე განსაკუთრებით უკრაინასთან“ – ამბობს საპარლამენტო უმცირესობის წევრი, „გირჩელი“ ვახტანგ მეგრელიშვილი, რომელიც იმ 9-კაციანი საპარლამენტო დელეგაციის წევრი იყო, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის დასაწყისში, 2022 წლის აპრილში, კიევში, ირპენსა და ბუჩაში ჩავიდა და რუსი ოკუპანტების შემზარავ დანაშაულს ადგილზე გაეცნო.

მას შემდეგ, ასეთი ან უფრო მაღალი დონის, ოფიციალური შეხვედრა საქართველოს და უკრაინის ხელისუფლებას შორის აღარ გამართულა. თუ არ ჩავთვლით, პრეზიდენტ ზელენსკისა და პრეზიდენტ ზურაბიშვილის დაუგეგმავ, რამდენიმეწუთიან გადაკვეთას, ახლახან, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე.

„მე მგონია, რომ ეს არის ანტიუკრაინული პროპაგანდა, რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკა. შეიძლება რაღაც გაგებით, ეს ვიღაცისთვის მისაღები პოლიტიკაა (საქართველოში), მაგრამ ჩვენ სინამდვილეში არ ვფლობთ იმ ინფორმაციას, რაზეც „ქართული ოცნება“ ამ პოლიტიკას აგებს. თუ რაიმე პრეტენზია გვაქვს (უკრაინასთან), ამაზე დაველაპარაკებოდი, ვეტყოდი, რომ შენთან ამ პრობლემებს ვხედავ და ამიტომ ასე და ასე ვიქცევი. მაგრამ ეს განმარტებები (კიევთან) ხომ არ გვქონია? და, ურთიერთობების სურვილიც არ გვქონია“, – მიაჩნია დეპუტატ ვახტანგ მეგრელიშვილს.

საქართველოს ხელისუფლება, პირიქით, ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებში არსებულ უპრეცედენტო კრიზისში, მთელ პასუხისმგებლობას კიევს აკისრებს.
„ქართული ოცნებაში“ აცხადებენ, რომ უკრაინამ თავშესაფარი, მოქალაქეობა და თანამდებობები მისცა პირებს, რომლებზეც საქართველო სისხლის სამართლებრივ დევნას ახორციელებდა. მათ შორის, ყოფილ მთავარ პროკურორს ზურაბ ადეიშვილს.
პარლამენტის სპიკერის მტკიცებით, 2021 წელს, უკრაინის კონტრდაზვერვის სამსახურმა საქართველოში არეულობის მოსაწყობად, უკანონოდ შემოაპარა ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

„რა გგონიათ, რომ (მიხეილ სააკაშვილმა) მარტომ დაგეგმა ეს ყველაფერი? ვიცით ოფიციალურად, რომ მთლიანად უკრაინის კონტრდაზვერვამ დაუგეგმა ეს შემოპარვა. ვინ დგას უკრაინის კონტრდაზვერვის უკან ეს კიდევ ცალკე საკითხია. ფაქტია, რომ ის შემოაპარეს, იმისთვის, რომ საქართველოში მომხდარიყო არეულობა. ეს ოპერაცია ებარა გია ლორთქიფანიძეს, რომელიც არის უკრაინის კონტრდაზვერვის სამსახურის უფროსის მოადგილე. იგი ამ სპეცოპერაციის შემდეგ დაწინაურდა, ოფიციალური პირი არის, ყოფილი ქართველი, ახალ უკრაინის მოქალაქე, გია ლორთქიფანიძე, რომელიც ჩვენი სამართალდამცველების მიერ იძებნება“, – ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

თბილისსა და კიევს შორის შორის ბოლო დაძაბულობა, თებერვლის დასაწყისში მოხდა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ „აღკვეთა უკრაინაში დაგეგმილი ტერორისტული აქტი”.
სუს-ის მტკიცებით, უკრაინის ქალაქ ოდესიდან, რუმინეთის, ბულგარეთის, თურქეთის და საქართველოს გავლით რუსეთის ქალაქ ვორონეჟში შენიღბულად გზავნიდნენ ასაფეთქებელ მოწყობილობებს, რომელსაც ხალხმრავალ ადგილას აფეთქების შემთხვევაში, „დიდი მსხვერპლის“ გამოწვევა შეეძლო.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუს) ამ განცხადების გამო, მკაცრად გააკრიტიკა შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილმა უფროსმა და საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, თადარიგის გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.

„წინასწარ რუსული ტერმინების გამოყენება, რომ ეს ტერორისტული აქტი იქნებოდა, არასწორი და არამართებულია. თუ ეს აფეთქება მოხდებოდა, ეს იქნებოდა არა ტერაქტი, არამედ დივერსიული აქტი, რადგან უკრაინა ომშია რუსეთთან. ვინაიდან რუსეთი დაესხა თავს, კიევს ლეგიტიმური უფლება აქვს მოწინააღმდეგე ქვეყნის ტერიტორიაზე ნებისმიერ მიზანზე მიიტანოს იერიში.

მეორეც გაუგებარია, რატომ მოხდებოდა საქართველოს დადანაშაულება, როცა ამ მანქანამ, როგორც თავად ამბობენ, ჩვენამდე, ევროპის სამი ქვეყანა გამოიარა?“ – აღნიშნა ვახტანგ კაპანაძემ.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადების საპასუხოდ, საქართველოში უკრაინის საელჩომ იმედი გამოთქვა, რომ „ქართული მხარე ამ საქმის პოლიტიზებისგან თავს შეიკავებს“.

“უკრაინის საელჩო ამოწმებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგზე გავრცელებულ ინფორმაციას, არკვევს ყველა გარემოებას, კერძოდ, უკრაინის მოქალაქეების უკანონო საქმიანობაში ჩართულობასთან დაკავშირებით” – განაცხადა უკრაინის საელჩომ.

მოხდა თუ არა კონტაქტი ამ საქმესთან დაკავშირებით, თბილისსა და კიევს შორის უცნობი დარჩა და დამატებითი კომენტარი აღარ გაკეთებულა.

წყარო: