ჩვენმა დაუძინებელმა „მეგობრებმა“ „გლობალური ომის პარტიიდან“ საქართველო ომში ვერ ჩაითრიეს, „რუსულად მონათლული ტყუილი“ ვერ გაასაღეს, თავისუფლების მოედანზე „მაიდანი“ ვერ შექმნეს და ახლა ღია მუქარაზე გადმოვიდნენ, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დიმიტრი ხუნდაძე წერს.
როგორც ხუნდაძე წერს, დროა, ყველა დაფიქრდეს და საქართველოს მხარეს დადგეს.
„ჩვენმა დაუძინებელმა „მეგობრებმა“ „გლობალური ომის პარტიიდან“ საქართველო ომში ვერ ჩაითრიეს, „რუსულად მონათლული ტყუილი“ ვერ გაასაღეს, თავისუფლების მოედანზე „მაიდანი“ ვერ შექმნეს და ახლა პირდაპირ ღია მუქარაზე გადმოვიდნენ. ეს ყველაფერი სხვადასხვა მეგობარ ქვეყანაში უკვე ვიხილეთ: „მაიდანი“ და ომი უკრაინაში, პრემიერზე შეიარაღებული თავდასხმა სლოვაკეთში. აქედან გამომდინარე, ბევრი ბოლოდროინდელი ფაქტი უკვე ეჭვს იწვევს. დროა, ყველა დავფიქრდეთ და საქართველოს მხარეს დავდგეთ. საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაცვა უშუალოდ ჩვენი საქმეა და მისი მინდობა არავისზე შეიძლება. როგორც ჩანს, მსოფლიოც დასაცავი გახდა და ამის ერთადერთი იარაღი სიმართლეა. ორმაგი სტანდარტი, ლამაზი დროშების ფრიალი, შავი ფულის ინტერესი, ურწმუნოება და უსამშობლობა კაცობრიობას ჩიხში შეიყვანს, საიდანაც შესაძლოა, გამოსავალი ვეღარც მოიძებნოს. განსაკუთრებით რთული მოცემულობაა ჩვენ თვალწინ: ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში ომი, შენელებული კონფლიქტი სომხეთ-აზერბაიჯანს შორის, გადაუნაწილებელი უსაფრთხოების ზონები ზესახელმწიფოებს შორის, არჩევნები ევროკავშირში, საქართველოსა და ამერიკაში. ყველას თავისი უპირატესი ინტერესი აქვს და ჩვენ სამშობლოს სამშვიდობოს გაყვანის ვალდებულება გვაქვს, რასაც გონიერება, გაბედული გადაწყვეტილებები სჭირდება“, – წერს დიმიტრი ხუნდაძე.