თანამდებობის დატოვება იყო ჩემი სურვილი, ახლა ახალგაზრდებს ვუთმობ გზას, – ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
“დროა უკვე. 10 წელია, რაც ამ თანამდებობაზე ვარ. მოგეხსენებათ, კოვიდპანდემია უკან იხევს. დღევანდელი მონაცემები კიდევ უფრო დამამშვიდებელია, ვიდრე წინა სამშაბათის. თან მე მიყვარს, როცა გზას ვაძლევ ახალგაზრდებს, ამიტომ, სწორედ ახალგაზრდებს ვაძლევ ახლა გზას. დროებით მე შემცვლის თამარ გაბუნია, შემდეგ სამინისტრო შეარჩევს ახალ ხელმძღვანელს. ვინ შეიძლება, რომ იყოს, ვერ გეტყვით, არ ვიცი. კიდევ ერთხელ გიმეორებთ, არავისთან დაპირისპირება არ მქონია და არ მაქვს. მე არ ვარ აგრესიული პიროვნება. არ მგონია, ვინმეს ჩემთან დაპირისპირება ჰქონდეს. მე აკადემიური წრეების წარმომადგენელი ვარ, ნებისმიერ საკითხს ყოველთვის ვიხილავ, ყოველთვის ვცდილობ, კონსენსუსით გადავწყვიტო საკითხი იმისთვის და არავითარი დაპირისპირება არ იყოს. ასე მოვდივარ მთელი ჩემი ცხოვრება და კიდევ რაც დამრჩა, ასე ვაპირებ, ვიარო. ახალი გუნდია, ძალიან კარგი. მოვიდა მეტი ახალგაზრდობა. მოგეხსენებათ, მე აღარ ვარ პატარა, დიდი ხანია, რაც ჯანდაცვის სისტემაში ვარ.
სამომავლო გეგმები სულ მქონდა და მაქვს. მე ხანგრძლივად ვარ ჯანდაცვის სექტორში, მაქვს ჩემი შეხედულებები, თუ ვინმეს რჩევა დასჭირდება, მზად ვარ. ბევრჯერ ვყოფილვარ საერთაშორისო ორგანიზაციების მრჩეველი. ახლა რასაც ვფიქრობ, თუ გამიშვებთ, არის ის, რომ ორი თვე ცოტა უნდა დავისვენო და მერე დავუბრუნდები საქმიანობას. რამდენიმე უნივერსიტეტი მთხოვს, წავიკითხო ლექციები, მაქვს ძალიან კარგი სამეცნიერო ჯგუფი იმ დარგში, რითიც დავიწყე სამეცნიერო მოღვაწეობა. ძალიან კარგ ახალგაზრდებს ვზრდით და მგონი, საქმე ბევრი მექნება. გარკვეული ნოსტალგია იქნება, რა თქმა უნდა, ადამიანი ეჩვევა ერთსა და იმავე ადგილს, მაგრამ ასე ჯობია, ახალი სისხლი ყოველთვის ჯობია“, – განაცხადა გამყრელიძემ.