„სულ რამდენიმე დღე დარჩა და ზეიმსაც და ხალხსაც ჩვენ გაჩვენებთ ისევე, როგორც გაჩვენეთ, თუ როგორ შეიძლება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვება ომის, რევოლუციისა და ცალ ფეხზე დგომის გარეშე, ღირსეულად, ამაყად და არა მორჩილებით. ტყუილს მოკლე ფეხი აქვს და იდექით ცალ ფეხზე, თქვენ მაინც მოგწონთ ეგ მდგომარეობა. ქვეყანა კი განაგრძობს წინსვლას”, – მიმართა „ხალხის ძალის” წარმომადგენელმა, დიმიტრი ხუნდაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებსა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
მისი თქმით, ოპოზიცია სიცრუეზე დაფუძნებული ორმაგი სტანდარტით მოქმედებს, სიცრუე კი ბოლოს მაინც მჟღავნდება.
„თქვენი ევროპელობის სურვილიც ყალბი რომ იყო, თავადვე ამხილეთ საკუთარი გუნდის წევრები, რომ მათ სტატუსის მინიჭება არ სურდათ და ხელის შესაშლელად დადიოდნენ ევროპაში, მაგრამ საბედნიეროდ, არ გამოუვიდათ და ქვეყანა რამდენიმე დღეში იზეიმებს ამ წინსვლას. ეს ზეიმიც გინდოდათ მიგეთვისებინათ, მაგრამ ხელში შეგრჩათ დიდი დროშა და ცოტა ხალხი.
ნურც პრეზიდენტის იმედი გექნებათ. მან თავისი არჩევნებისთვის ვერ მოაგროვა მხარდამჭერები და თქვენ როგორ მოგიგროვებთ?
ხომ ნახეთ, რომ თურმე არც მიხეილ სააკაშვილს აწამებენ და არც კვდება. მოფერიანდა და არჩევნებისთვის ემზადება. თუმცა, მარტო ის არ ემზადება. გულწასულ და სულწასულ ოპოზიციას არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის ამზადებენ რევოლუცია მიუღწეველი ლობისტები. შემდგომისთვის იმიტომ, რომ არჩევნებში მათგან არაფერი გამოვა.
NDI-მაც შეაშველა თავისი კვლევა, თითქოს ამომრჩევლების 62% გადაუწყვეტელია და ამით ქვეყანაში სურთ მესამე ძალის მოთხოვნის ცრუ განწყობა შექმნან, მაგრამ NDI ისევე ასცდება არჩევნების რეალურ შედეგებს, როგორც ასცდა წინა 8 შემთხვევაში, თუმცა, “ქართული ოცნების” უპირატესობა მაინც ვერ დამალა.
მძიმეა ტყუილის ავტორობა, მძიმეა ცალ ფეხზე დგომა, მძიმეა აგენტობა და მონური ფსიქოლოგია და უპერსპექტივოა ორმაგი სტანდარტებით თამაში.
ტყუილს მოკლე ფეხები აქვს და იდექით ცალ ფეხზე, თქვენ მაინც მოგწონთ ეგ მდგომარეობა. ქვეყანა კი განაგრძობს წინსვლას”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.