პარლამენტის თავმჯდომარის მიერ დაგეგმილ შეხვედრაში “სტრატეგია აღმაშენებელი” არც ერთ შემთხვევაში მონაწილეობას არ მიიღებს – პარლამენტის თავმჯდომარე არის ჩვეულებრივი ოლიგარქიული რეჟიმის უუფლებო ჭანჭიკი, რომელსაც არანაირი სიტყვა არ ეთქმის, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, პროცესის იმიტაციის შესაძლებლობას არ შექმნიან. ვაშაძის განცხადებით, მარიონეტულ პროცესებში მონაწილეობა მიუღებელია და ერთადერთ გამონაკლისს დაუშვებენ რიგგარეშე სესიასთან დაკავშირებით, რომლის მოწვევას ხელს მოაწერენ.
” სამოქალაქო სექტორის თხოვნით, ჩვენ ერთადერთ გამონაკლისს დავუშვებთ, რომ რიგგარეშე სესიასთან დაკავშირებით, თუ იქნება, ამას დავეთანხმებით, თუმცა, წინასწარ ვამბობთ, რომ ამას “ქართული ოცნება” არ გააკეთებს და მკაფიო ამაზე მათი პოზიცია. რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, მას საქართველო მიიღებს ერთ შემთხვევაში, თუ ФСБ- ის დაწერილი მესიჯებით მოლაპარაკე რეჟიმს მმართველობას ჩამოვაშორებთ. სწორედ აქეთ მიმავალი გზა იყო ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნის შეთავაზება, რაც აქციის მონაწილეებმა გააკეთეს, თუმცა, ამაზე ჯერჯერობით “ქართული ოცნების” პოზიცია ვიცით და საკადრის პასუხს მიიღებენ,”- განაცხადა ვაშაძემ.
მისივე თქმით, ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ФСБ-ში დაწერილ მესიჯებს ახმოვანებს.
“გუშინ ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელზე თქვა -“თეორიულად დავუშვათ, რომ საქართველოში ომი იწყება, ამ შემთხვევაში გარანტირებული გვექნება კანდიდატის სტატუსი”. ეს არის ФСБ-ში დაწერილი მესიჯი და ამას არ ვამბობ მე, ამას ამბობს ამერიკის ელჩი და შესაბამისად, ცალსახად ცხადყოფს ვისთან გვაქვს რეალურად საქმე. რაც შეეხება ბრძოლის სამომავლო გზას, მე მესმის, რომ გარკვეული იმედგაცრუება არის ადამიანებში, ვინც 3 ივლისის აქციაზე იყო მოსული. ეს ხალხი იყო მოსული, რომ დაწყებულიყო ოლიგარქიული რეჟიმის ჩამოშორების პროცესი ხელისუფლებიდან, მაგრამ ვთხოვ ყველას, იმედს ნუ გაიტეხთ, ჩვენი რწმენა, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ და ვართ გაცილებით მეტნი ამ ქვეყანაში, ვიდრე ФСБ – ის მესიჯებით მოლაპარაკე ადამიანები, არის გარანტია იმის, რომ გავიმარჯვებთ”- განაცხადა ვაშაძემ.
მისივე თქმით, ხელისუფლებას სურს საზოგადოებაში ომის შიში შემოიტანოს. ვაშაძის განცხადებით, ქვეყანაში ომი არ იქნება და ამის გარანტია იქნება სწორედ კანდიდატის სტატუსი, რომელსაც ხელისუფლების ცვლილება სჭირდება.
” სტრატეგია აღმაშენებელი” ინტენსიურად ვმუშაობთ სხვა ოპოზიციურ კოლეგებთან საერთო სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბებაზე, რომელსაც მომავალში ნამდვილად გაგაცნობთ და ერთ რამეში ვარ დარწმუნებული, დეკემბერში კანდიდატის სტატუსს საქართველო მიიღებს და ამის გარანტია არის მოსახლეობის ის 90 პროცენტი, რომელიც გულწრფელად იბრძვის ევროპული პერსპექტივისთვის,”- განაცხადა ვაშაძემ.
ვაშაძე მიიჩნევს, რომ გამოსავალი არის “მშვიდობიანი და ზემწვავე პროტესტი”, რომელიც მსოფლიოს უნდა დაანახონ და “სტრატეგია აღმაშენებელი” მზად არის, რომ ამ პროცესში მიიღოს მონაწილეობა.