შოვში, სტიქიის ზონაში ძებნა-შველის ღონისძიება სპეციალური განათებების საშუალებით, ამ წუთებშიც უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის უფროსი თემურ მღებრიშვილი, ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლერი ბარნაბიშვილი, მედიის წარმომადგენლებთან ერთად სტიქიის ეპიცენტრში იმყოფებოდნენ, სადაც ძებნა-შველის ღონისძიება ამ წუთებშიც, სპეციალური განათებების საშუალებით მიმდინარეობს.
სამაშველო ღონისძიება ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში, მესამე დღეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე- მაშველები, პოლიციის დანაყოფები, დრონები, სპეცტექნიკა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ასევე, სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი.
მაშველების მიერ ამ დროისთვის 17 ცხედარია ნაპოვნი. სამაშველო ღონისძიების ფარგლებში უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 200-ზე მეტი ადამიანი.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სტიქიის ზონაში კი 18 ადამიანს ეძებენ.