სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, №6 პენიტენციურ დაწესებულებაში 3 მსჯავრდებული შიმშილობს, ხოლო ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში მედიკოსები მუშაობენ 24-საათიან რეჟიმში და ნებისმიერ ბრალდებულს/მსჯავრდებულს მოთხოვნისთანავე სრულყოფილ სამედიცინო მომსახურებას აწვდიან. აღნიშნულის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს, რითაც ეხმაურება ერთ-ერთი მედიასაშაულების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მე-6 დაწესებულებაში არსებული ვითარების შესახებ.
„გვსურს, გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი მედიასაშუალების ეთერით გავრცელებულ დეზინფორმაციას №6 პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. კერძოდ, სიუჟეტში ნათქვამი იყო, რომ აღნიშნულ პენიტენციურ დაწესებულებაში 10-მდე მსჯავრდებული შიმშილობს და რომ მათ სამედიცინო პერსონალის მხრიდან შესაბამისი ყურადღება არ ექცევათ. საუბარი იყო სხვადასხვა შეზღუდვაზეც, რომლებიც პატიმრებს თითქოსდა უკანონოდ უწესდებათ.
სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ №6 პენიტენციურ დაწესებულებაში შიმშილობს 3 მსჯავრდებული. აღსანიშნავია, რომ ორმა მათგანმა შიმშილობა გამოაცხადა მხოლოდ 14 აგვისტოს, აღნიშნული მედიასაშუალების სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ.
რაც შეეხება მსჯავრდებულთა სამედიცინო მომსახურებას, ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში მედიკოსები მუშაობენ 24-საათიან რეჟიმში და ნებისმიერ ბრალდებულს/მსჯავრდებულს მოთხოვნისთანავე აწვდიან სრულყოფილ სამედიცინო მომსახურებას. სიუჟეტში ნახსენებ მსჯავრდებულ გ.ჭ.-ს №6 პენიტენციურ დაწესებულებაში შემოსახლების შემდეგ ჩაუტარდა მრავალმხრივი მკურნალობა და არაერთხელ გაეწია კონსულტაცია სხვადასხვა პროფილის ექიმების მიერ. მიმდინარე წლის 11 და 12 აგვისტოს ის ოჯახის ექიმმა გასინჯა და მსჯავრდებულს არანაირი ჩივილები არ აღმოაჩნდა.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ დისციპლინური სახდელის დაკისრება მსჯავრდებულებისათვის ხდება კანონმდებლობის სრული დაცვით, მათი მხრიდან დისციპლინური გადაცდომის შესაბამისად. მაგალითისთვის, მსჯავრდებულ გ. ჭ.-ს №6 პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში არაერთი დისციპლინური გადაცდომა დაუფიქსირდა, რის გამოც, რიგ შემთხვევებში, მას რამდენიმე დისციპლინური სახდელი დაეკისრა.
სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს ყველა მედიასაშუალებას, თავი შეიკავონ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან, რაც, პირველ რიგში, აზიანებს მსჯავრდებულებისა და მათი ოჯახის წევრების ინტერესებს, იწვევს საზოგადოების დეზინფორმირებას, ლახავს სპეციალური პენიტენციური სამსახურის იმიჯს და ემსახურება უწყების თანამშრომელთა დისკრედიტაციას’,- ნათქვამია განცხადებაში.