“სომხეთი რეალობას ებრძვის- ირანთან კავშირების განმტკიცების ფონზე ერევნის ისრაელთან ურთიერთობა უარესდება”-The Jerusalem Post

„სომხეთის ურთიერთობა ისრაელთან იმდენად უარესდება, რამდენადაც ერევან-თეირანის კავშირები მტკიცდება. სომხეთი დაბეჯითებით უარყოფს ანტისემიტიზმის ფაქტებს. ერევანი გადაიქცა თეირანის მარიონეტად, რომელიც, თავის მხრივ, რეგიონში გავლენას აფართოებს“, – ნათქვამია ისრაელის გაზეთ „ჯერუზალემ პოსტში“ (The Jerusalem Post) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „სომხეთი რეალობას ებრძვის: ირანთან კავშირების განმტკიცების ფონზე ერევნის ისრაელთან ურთიერთობა უარესდება“ (ავტორი – მორდეხაი კედარი). პუბლიკაცია სადისკუსიო ხასიათისაა და ეხება ანტისემიტიზმთან ბრძოლის საკითხს სომხეთში, ირანის როლს და საერთოდ, სომხეთ-ისრაელ-ირანის ურთიერთდამოკიდებულებას თანამედროვე ეტაპზე.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

„მსოფლიოში არიან ძალები, რომლებსაც სომხებსა და ებრაელებს შორის სიძულვილის გაღვივება სურთ. ისინი ავრცელებენ ფეიკურ მასალებს, თითქოსდა სომხეთში ანტისემიტიზმი არსებობს. ისინი ცდილობენ სომხების პროვოცირებას და აცხადებენ, რომ ისრაელი იარაღს აწოდებს სომხეთის აგრესიულ მეზობელს – აზერბაიჯანს (რაც თავის თავად საშინელებაა)“.

ეს სიტყვები სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს გრიგოლ ოვანისიანს ეკუთვნის. სტატიაში სათაურით „სომხეთი და ირანი. ცრუ მტკიცებები“, რომელიც Jerusalem Post-ში 12 აგვისტოს გამოქვეყნდა, ავტორი მიანიშნებს, რომ ყველაფერი სიცრუეა – ის, რომ სომხეთ-ირანის ურთიერთობები ღრმავდება, რომ ერევანსა და თეირანს შორის იარაღის მიწოდების კონტრაქტები ფორმდება… რასაც სომხეთი დეზინფორმაციას უწოდებს.

საერთოდ, სომხეთი ბევრ ფაქტს უარყოფს. დავიწყოთ იმით, რომ სომხეთში თითქოსდა ანტისემიტიზმი არ არსებობს. ხელისუფლება უარყოფს მრავალრიცხოვან თავდასხმებს „მორდეხაი ნავის“ სინაგოგაზე და ჰყვება რაღაც ისტორიას ვიღაც „უცხოელებზე“, რომლებმაც სცადეს სინაგოგისათვის ცეცხლის წაკიდება, შემდეგ კი ქვეყნიდან ჩუმად წავიდნენ. სომხეთის ხელისუფლება უარყოფს იმ ორგანიზაციის არსებობას, რომლის სახელწოდებაა „სომხეთის გათავისუფლების სომხური საიდუმლო არმია“, რომელმაც არა მარტო პასუხისმგებლობა აიღო სინაგოგაზე თავდასხმაზე, არამედ ახალი შეტევებით დაიმუქრა.

რატომ ავიწყდებათ სომხებს ერევნის ცენტრში მოწყობილი ნეონაცისტური აქცია მიმდინარე წლის დასაწყისში? თავდაპირველად სომხეთი ხელისუფლება ყველაფერს უარყოფდა, შემდეგ ისევ „უცხოელებს“ დააბრალეს… და განაცხადეს, რომ მათ მიმართ „ზომები მიღებულიაო“. თუ ასეა, მაშ რატომ დადის სომეხი ნეონაცისტების ლიდერი ჰაიკ ნაზარიანი თავისუფლად ერევნის ქუჩებში, იღებს ფოტოსურათებს თავის მრავალრიცხოვან მომხრეებთან ერთად, შემდეგ ამ სურათებს სოციალურ ქსელებით ავრცელებს, თავხედური ანტისემიტური მოწოდებებით მოქმედებისაკენ?

რატომ აწყობენ ნეონაცისტები ღიად მსვლელობას ერევნის ცენტრში? ისინი ნაცისტების ხელშემწყობ გარეგინ ნჟდეს ძეგლთან მიდიოდნენ, რომელიც სომხეთის დედაქალაქის ცენტრალურ მოედანზეა აღმართული.

ნუთუ ყალბია გლობალური ანტისემიტიზმის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის მიერ მომზადებული 2023 წლის ანგარიში? ან ისრაელის დიასპორის საქმეთა და ანტისემიტიზმთან ბრძოლის სამინისტროს, ან პრემიერ-მინისტრის კანცელარიის მოხსენებაში ასახული ფაქტები? ორივე დოკუმენტს ერთი რამ აერთიანებს: რეალობა, რითაც სომხეთში ანტისემიტიზმის თარეში დასტურდება.
მაგრამ მოდით, სომხეთის მეგობარ ირანის შესახებაც ვისაუბროთ. ერევანსა და თეირანს ერთმანეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის ხანგრძლივი ისტორია აკავშირებთ. 2008 წლის ბოლოს ამერიკელი დიპლომატები მივიდნენ დასკვნამდე, რომ სომხეთი ირანს უმართავ რაკეტებსა და სხვა ცეცხლმსროლელ იარაღს აწვდიდა, რომელთა მეშვეობით ერაყში ამერიკელ სამხედროებს კლავდნენ. 2016 წლიდან კი სომხეთ-ირანის სამხედრო თანამშრომლობა კიდევ უფრო განმტკიცდა…
რაც შეეხება ამას წინათ გაფორმებულ სომხეთ-ირანის შეთანხმებებს დაზვერვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ, სამხედრო სფეროში კავშირები განმტკიცებაზე, სომხეთის ტერიტორიაზე ბაზების გახსნაზე, ამის უარყოფა, უბრალოდ, შეუძლებელია. სანამ ეს ინფორმაცია გახდებოდა საჯაროდ ცნობილი, მანამდე რამდენიმე დღით ადრე სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი თეირანში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობა მიიღო ირანის ახალი პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონიაში. სხვათა შორის, ამ ცერემონიაზე ესწრებოდა უცხოეთის სახელმწიფოს მხოლოდ ორი ხელმძღვანელი, სხვა ქვეყნებმა რანგით დაბალი ოფიციალური პირები გაგზავნეს.

თეირანში ყოფნისას ნიკოლ ფაშინიანი ირანის უზენაეს სულიერ ლიდერს აიათოლა ალი ჰამენეისაც შეხვდა, რომელმაც განაცხადა: „ჩვენ სომხეთთან ურთიერტობის განმტკიცება გვაქვს გადაწყვეტილი. ჩვენი თანამშრომლობა, რომელიც ურთიერთინტერესებს ეყრდნობა და არ არის დამოკიდებული სხვა სახელმწიფოების პოლიტიკაზე, ურყევი ენერგიით გაგრძელდება“.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ რომ ნიკოლ ფაშინიანი უნდა შეხვედროდა „ჰამასის“ ლიდერს ისმაილ ხანიას, რომელსაც სურდა მისთვის მადლობა ეთქვა რეალურად არარსებული „პალესტინის სახელმწიფოს“ დამოუკიდებლად აღიარებისათვის, თუმცა დამატებითი მტკიცებულებები ამისთვის არ არის, რადგან ისმაილ ხანია საკუთარ დანაშაულებს შეეწირა.

ერევანს ამის უარყოფაც შეუძლია, მაგრამ ნებისმიერმა ადამიანმა, რომელიც ახლო აღმოსავლეთის ისტორიას იცნობს, კარგად უწყის, რომ სომხები ყოველთვის მხარს უჭერდნენ პალესტინელთა ტერორისტულ ორგანიზაციებს.
სომხეთის ერთ-ერთი ეროვნული გმირი მონტე მელქონიანი (იყო „ასალას“ წევრი, მონაწილეობდა ყარაბაღის პირველ ომში, დაიღუპა 1993 წელს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, აღდამის რაიონში) თავს იქებდა, ხოლმე და ამბობდა, რომ ისრაელის წინააღმდეგაც იბრძოდა, რასაც მისი ძმა მარქარ მელქონიანი წერს თავის წიგნში სათაურით „ჩემი ძმის გზა. საბედისწერო მოგზაურობა სომხეთში“.

სასურველი იქნებოდა ბატონი გრიგოლ ოვანისიანისათვის ერთი რამ გვეკითხა: თუ მას ნამდვილად სურს ურთიერთობის განმტკიცება სომხებსა და ებრაელებს შორის, მაშინ მისთვის კარგი იქნება ისარგებლოს როგორც ადგილობრივი, ისე საზღვარგარეთული სომხური მასმედიით, ანტისემიტიზმთან ბრძოლისათვის და თავისი სახელმწიფოს პოლიტიკის შესაცვლელად, რომლის გამოც სომხეთი, დიდად სამწუხაროდ, ირანის მარიონეტად გადაიქცა.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: