სიმბოლური და პოლიტიკური გადაწყვეტილებაა – გადამწყვეტი ევროკავშირის ქმედებები იქნება – მეთიუ ბრაიზა სანქციებზე

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, მეთიუ ბრაიზა აცხადებს, რომ სანქციები სიმბოლური და პოლიტიკური გადაწყვეტილება. საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ბრაიზამ “ამერიკის ხმის” ქართულ რედაქციასთან ისაუბრა.

მისი თქმით, ამ ნაბიჯით, ამერიკის შეერთებული შტატები კიდევ ერთხელ ეუბნება “ქართულ ოცნებას”, რომ ის არაკეთილსინდისიერი იყო, როდესაც ამბობდა, რომ არჩევნები საქართველოს ევროკავშირში შესვლას ეხებოდა.

“ეს არის სიმბოლური და პოლიტიკური გადაწყვეტილება. სიმბოლურია, რათა აჩვენოს საქართველოს მთავრობას, რომ ამერიკა გაბრაზებულია, თუმცა, ვიცით, რომ მათ ეს არ ადარდებთ. სიმბოლურია იმიტომაც, რომ ამას ფინანსური შეზღუდვები არ მოჰყვება. ეს არ არის “გლობალური მაგნიტკსის აქტის” ფარგლებში დაწესებული შეზღუდვა, შესაბამისად არავის აქტივები არ გაიყინება.

ვსაუბრობთ მხოლოდ სავიზო შეზღუდვაზე და არ ვიცით ზუსტად, ვინ არის ეს 20 ადამიანი. თუმცა, ამის გარდა, ამ სანქციებით, ჩვენ ვსაუბროთ სხვა მნიშვნელოვან სიმბოლოებსა და სიგნალებზე. ამ ნაბიჯით, ამერიკის შეერთებული შტატები კიდევ ერთხელ ეუბნება “ქართულ ოცნებას”, რომ ის არაკეთილსინდისიერი იყო, როდესაც ამბობდა, რომ არჩევნები საქართველოს ევროკავშირში შესვლას შეეხებოდა. თუ სწორად მახსოვს, მათი სლოგანი იყო: ‘”ღირსებით ევროპისკენ”. ფაქტზე, რომ არჩევნებიდან მალევე, თითქმის ერთ თვეში, პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა ევროპასთან ასოცირების მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ-რომელსაც მოსახლეობის, მინიმუმ 80% ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება- სწორედ ამაზე ამერიკა ამბობს, რომ [დაპირება] ტყუილი იყო, რომ ეს არადემოკრატიულია; რომ ხალხი, ვინც ეს ჩაიდინა, არ არის დემოკრატიული სამყაროს ნაწილი, ჩვენ არ გვინდა თქვენთან საქმის დაჭერა.

ვფიქრობ, ესაა გზავნილი ქართველი ხალხისთვისაც, ერთგვარი მოწოდება მათთვის, რომ მათ მთავრობას ისინი არასწორი მიზნებიდან გამომდინარე, არასწორი მიმართულებით მიჰყავს.

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის ამ ბოლო გადაწყვეტილებას. ეს ან პოლიტიკურად არასწორი განსჯის და ამპარტავნების ნიშანი იყო, იმის გაუცნობიერებლობა როგორ უპასუხებს ქართველი ხალხი ამას, ან მას უბრალოდ არ აინტერესებდა [რა მოჰყებოდა ამას], ან უბრალოდ, აშკარა პროვოკაციაა. მას უნდა ესმოდეს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების გადაწყვეტილებამ [თავის დროზე] გამოიწვია ჯერ მაიდანი, შემდეგ კი რევოლუცია უკრაინაში”, – აღნიშნავს ბრაიზა.

ამასთან ბრაიზამ უპაუხა კითხვას ფინანსურ სანქციებთან დაკავშირებითაც, თუ რატომ არ ჩქარობს აშშ-ს ადმინისტრაცია უფრო მკაცრი სანქციების დაწესებას. მისი თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტი წინდახედულია, მათ სურთ, რომ თითო ნაბიჯი გადადგან.

ასევე, ბრაიზას განცხადებით, ხუთ კვირაში ახალი პრეზიდენტი შეუდგება საქმიანობას და მას ექნება შანსი, საკუთარი გზა აირჩიოს და გადაწყვიტოს, სურს თუ არა სანქციების გამკაცრება, ან სხვა მიმართულებით წასვლა.

“ძალიან კარგი შეკითხვაა და მართალი ხართ, მე ვნახე სენატორ ჯინ შაჰინის გამოსვლა, სადაც მან თქვა, რომ ამერიკის ხაზინის დეპარტამენტმა სანქციები უნდა დააწესოს. ეს, ალბათ, “მაგნიტკსის გლობალური აქტის” ფარგლებში მოხდებოდა. Ხაზინის მიერ დაწესებული სანქციები შესაძლოა სისხლის სამართლის დანაშაულის გამო იყოს, მათ ასევე შეიძლება ჰქონდეთ პირადი ეკონომიკური შედეგები სანქცირებულ პირებზე და/ან მთავრობაზე.

ასე რომ ის, რაც ახლა [დაწესდა] არის შედარებით რბილი ნაბიჯი, ესაა გზავნილი, ქართველი ხალხისათვის, როგორც უკვე ვთქვი. ეს ასევე არის ის, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს ქართულ პოლიტიკაზე, რადგან ამ [სავიზო შეზღუდვების დაწესების] შემდეგ, შესაძლოა მეტი ხალხი გამოვიდეს ქუჩებში, შესაძლოა პროტესტი უფრო დიდხანს გაგრძელდეს, შესაძლოა ამან [დემონსტრანტები] უფრო გააძლიეროს. განსაკუთრებით მაშინ როდესაც პრეზიდენტი ზურაბიშვილი ამბობს, რომ ის არ აპირებს თანამდებობის დატოვებას იქამდე, ვიდრე ლეგიტიმური საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება, რათა პრეზიდენტის ლეგიტიმურად არჩევაც მოხდეს. მთავრობა კი ალბათ, ეცდება, რომ ის გააძევოს თავისი რეზიდენციიდან.

ასე რომ, ვფიქრობ, სახელმწიფო დეპარტამენტი წინდახედულია. მათ სურთ, რომ თითო ნაბიჯი გადადგან. ეს კი საკმაოდ დიდი ნაბიჯია იმასთან ერთად, რაც აქამდე უკვე გადაიდგა- იცით, რომ ნოემბერში, ამერიკამ სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა საქართველოსთან, ივლისში კი ამერიკულმა ჯარმა უვადოდ გადადო “ღირსეული პარტნიორის” სამხედრო წვრთნები.

ეს ყველაფერი ქართველი ხალხისადმი ძლიერი გზავნილია, რომ თქვენს მთავრობას არ მიჰყავხართ იმ მიმართულებით, რაც თქვენს 80%-ს არ სურს და პუტინის ბრძანებებს ასრულებს.

ასევე ვფიქრობ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტს სურს დაელოდოს და ნახოს, რა გავლენა ექნება ამ ნაბიჯებს და ყველა შესაძლებლობა ერთდროულად არ გამოიყენოს. ის იტოვებს უფლებას [სამომავლოდ] გააძლიეროს სანქციები და გახადოს ისინი ეკონომიკური, ან კრიმინალური.

ასევე, ვფიქრობ, ეს არის ამერიკული დემოკრატიის პატივისცემის ნიშანი- ხუთ კვირაში ახალი პრეზიდენტი შეუდგება საქმიანობას და მას ექნება შანსი, საკუთარი გზა აირჩიოს და გადაწყვიტოს, სურს თუ არა სანქციების გამკაცრება, ან სხვა მიმართულებით წასვლა”, – აღნიშნავს ამერიკელი მაღალჩინოსანი.

ბრაიზამ ინტერვიუში ისაუბრა ვაშინგტონისა და ბრიუსელის ერთობლივ მუშაობაზეც საქართველოსთან მიმართებაში და აღნიშნა, რომ გადამწყვეტი ევროკავშირის მიდგომა იქნება.

“მე პროფესიულად გაზრდილი ვარ იმ პრინციპზე, რომ ამერიკა თავის ტრანსატლანტიკურ პარტნიორებთან ერთიანად უნდა მუშაობდეს აბსოლუტურად ყველა საკითხზე. თუმცა, პრაქტიკულობიდან გამომდინარე, ამ წუთას ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა არ აქვს. რადგან, როგორც უკვე ვთქვი, არ მგონია, რომ ამერიკის სანქციებს პოლიტიკურისა და მეორადი ეფექტის გარდა, რაიმე სხვა ეფექტი ექნება [საქართველოში].

პირველადი ეფექტი, რა თქმა უნდა, ევროკავშირსა და მის მიდგომას ექნება საქართველოსადმი. ვინაიდან, ქართველებს ევროკავშირში სურთ გაერთიანება. მათ უნდათ, რომ ევროპის ნაწილი იყვნენ. ამერიკის მსგავს ქმედებას ევროპიდან გაცილებით უფრო დიდი ეფექტი ექნება, ვინაიდან ევროკავშირი ამით იტყვის: ქართველებო, თქვენი მთავრობა ჩვენგან გაშორებთ. ჩვენ გვსურს თქვენთან ყოფნა, მაგრამ თქვენს მთავრობას არ ვუნდივართ. სწორედ ისინი არ გაძლევენ იმას, რაც გსურთ.

ევროკავშირიდან ასეთ გზავნილს გაცილებით უფრო დიდი გავლენა ექნება, ვიდრე იმას, რას იტყვის, ან გააკეთებს ვაშინგტონი. ასე რომ, თუ ტრამპის ადმინისტრაცია არ გადაწყვეტს, რომ იგივე მიდგომა ჰქონდეს საქართველოს მთავრობისადმი სანქციებთან მიმართებაში, ამაზე არ ვიღელვებ, რადგან გადამწყვეტი ევროკავშირის ქმედებები იქნება”, – აღნიშნავს ბრაიზა.

ამასთან, ბრაიზამ ისაუბრა თბილისში მიმდინარე პროტესტზე. მისი თქმით, პოლიცია სრულიად შეუსაბამოდ, არაპროფესიონალურად იქცევა – ისე, როგორც დიქტატურის, საბჭოთა კავშირის ტერორისტული რეჟიმის დროს ხდებოდა. მან იმედი გამოთქვა, რომ მათ პასუხს აგებინებენ.

“პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მშვიდობიანი პროტესტი დემოკრატიის ნაწილია. ამას ვამბობდით “ვარდების რევოლუციის დროს” და ამას ვამბობდით მაშინაც, როდესაც [მიხეილ] სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარეობდა პროტესტი. მშვიდობიანი პროტესტის გარეშე, წარმატებული დემოკრატია ვერ იარსებებს.

მინდა ვთქვა, რომ ჩვენ [ამერიკა] ასევე თანმიმდევრულები ვართ ძალის გამოყენების კრიტიკაშიც. 2007 წელს, მაშინდელმა სახელმწიფო მდივანმა, კონდოლიზა რაისმა თბილისში გამგზავნა, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან, მშვიდობიან დემონტრანტებზე ძალის გამოყენება დაფიქსირდა. ამიტომაც ჩემი დავალება იყო, რომ არ ვყოფილიყავი მეგობრული და ძალიან ნათლად ამეხსნა, რომ თუ ტვ იმედი არ დაბრუნდებოდა ეთერში, თუ საგანგებო მდგომარეობა არ გაუქმდებოდა და თუ დემონსტრანტებზე ძალადობრივი თავდასხმები გაგრძელდებოდა, მაშინ ამერიკა-საქართველოს ურთიერთობები შეიცვლებოდა და ამ მხრივ, ძალიან სერიოზული პრობლემები შეიქმნებოდა, რომ მხარდამჭერები აღარ ვიქნებოდით. ეს მაშინ, სააკაშვილის მთავრობისადმი იყო მიმართული.

რა თქმა უნდა, რომ ეს ყველაფერი მიემართება დღევანდელ მდგომარეობასაც. უამრავი ადამიანი ვნახე სასტიკად ნაცემი, ცხვირგატეხილი… პოლიცია სრულიად შეუსაბამოდ, არაპროფესიონალურად იქცევა- ისე, როგორც დიქტატურის, საბჭოთა კავშირის ტერორისტული რეჟიმის დროს ხდებოდა. იმედი მაქვს მათ პასუხს აგებინებენ. ისეთი ფორმით ესხმიან დემონსტრანტებს თავს, მიჩნდებდა კითხვა რაიმე პრეპარატის გავლენის ქვეშ ხომ არ არიან? ეს უბრალოდ შეუსაბამოა ამ პროტესტთან. ასევე შესაძლოა, ვინმე ეუბნება პოლიციას, რომ ან დემონსტრანტებს დაესხმებიან თავს, ან მათაც იგივე მოუვათ-არც ამას გამოვრიცხავ.

რა თქმა უნდა, ასეთი ძალადობა უნდა დაიგმოს, მას ადგილი არ აქვს დემოკრატიაში. თავად პოლიციელებმაც შესაძლოა პასუხი აგონ ისე, როგორც ეს ნიურენბერგის პროცესის დროს მოხდა მას შემდეგ, რაც ჰიტლერის დიქტატურის წლები დასრულდა. ამას არანაირი გამართლება არ აქვს”, – დასძენს ბრაიზა.