შოკირებული ვიყავი ამ კომენტარების მოსმენისას ელჩი ჰარცელის მისამართით – კელი დეგნანი „ქართული ოცნების“ წევრთა შეფასებებს გამოეხმაურა

შოკირებული ვიყავი ამ კომენტარების მოსმენისას ელჩი ჰარცელის მისამართით, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა იმ კომენტარების შეფასებისას განაცხადა, რომელიც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ და შემდეგ მმართველი გუნდის რამდენიმე წევრმა ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის მისამართით გააჟღერა.

კელი დეგნანის შეფასებით, ეს განცხადება უპატივცემულობა იყო იმ ადამიანის მიმართ, რომელმაც ამდენი იმუშავა საქართველოს ევროპული მომავლისთვის.

„შოკირებული ვიყავი ამ კომენტარების მოსმენისას ელჩი ჰარცელის მისამართით. ისეთი უპატივცემულობაა ადამიანის მიმართ, რომელიც ამდენად ბეჯითად მუშაობდა 4 წლის განმავლობაში საქართველოს ევროპული მომავლისთვის. ძნელი წარმოსადგენია ვინმე, ვინც მეტი გააკეთა საქართველოს დასახმარებლად მის ევროპულ გზაზე აქ მუშაობის პერიოდში. მე სრულად ვუჭერ მხარს იმას, თუ რამდენად ბეჯითად ცდილობდა საქართველოს დახმარებას. ყველამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებებზე და აღიაროს ელჩის მიერ შესრულებული ძალიან კარგი სამუშაო. მან შესანიშნავი მესიჯი დაუტოვა საქართველოს მოსახლეობას და აღწერა თუ რამდენად სასიამოვნო იყო მისთვის საქართველოში ყოფნა“, – განაცხადა დეგნანმა.