“შევაიარაღებთ თუ არა ჩვენ უკრაინას, რუსეთი, ამის მიუხედავად, ბირთვულ იარაღს მაინც გამოიყენებს”-The Daily Telegraph

ბრიტანული გაზეთი „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily Telegraph) აქვეყნებს სტატიას სათაურით „შევაიარაღებთ თუ არა ჩვენ უკრაინას, რუსეთი, ამის მიუხედავად, ბირთვულ იარაღს მაინც გამოიყენებს“ (ავტორი – სემიუელ რამანი, ოქსფორდის უნივერსიტეტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში დასავლეთის ქვეყნებმა უკრაინას ნება მისცეს, რომ მათ მიერ მიწოდებული ნატოს სტანდარტების მქონე იარაღით კიევმა დარტყმა მიაყენოს რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო-ეკონომიკურ ობიექტებს. რუსეთმა ისეთი პასუხი გასცა, რომელშიც ბირთვული იარაღის გამოყენებაა ნაგულისხმევი.

კრემლის განზრახვებმა ბირთვული მუქარების გაგრძელებაზე დასავლეთში ორი წინააღმდეგობრივი რეაქცია გამოიწვია:
პირველი იმაში გამოიხატება, რომ რუსეთის ბირთვული მუქარები უსაფუძვლოა და მას ყურადღება არავინ არ უნდა მიაქციოს. ეს არგუმენტი ეფუძნება იმას, რომ რუსეთმა იცის – ბირთვული იარაღის გამოყენება გამოიწვევს ნატოსთან მსხვილმასშტაბიან შეტაკებას, რომელიც საპასუხო ბირთვული დარტყმით იქნება გამოხატული. შესაბამისად, კრემლი ამ ნაბიჯს არ გადადგამს.

მეორე მიზეზი გამოიხატება იმაში, რომ რუსეთს შეიძლება მართლაც გაუჩნდეს ბირთვული რაკეტებით სარგებლობის ცდუნება, თუ ნატო უკრაინაში ძლიერ ესკალაციას გადაწყვეტს. თავის დროზე სწორედ ესკალაციის შიშმა გამოიწვია ტანკების, შორი მოქმედების რაკეტებისა და თვითმფრინავების მიწოდების დაგვიანება უკრაინისათვის. ამიტომაც აუკრძალა დასავლეთმა კიევს თავისი იარაღის გამოყენება რუსეთის ტერიტორიის დასაბომბად.

ორივე არგუმენტი მცდარია. რუსეთის კომპეტენტურ პირებთან და ექსპერტებთან ჩემი მრავალწლიანი ურთიერთობის საფუძველზე მე მივედი დასკვნამდე, რომ არსებობს რეალისტური სცენარი, რომლის დროსაც რუსეთს უკრაინაში (ან ნატოს წინააღმდეგ) ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება შეუძლია.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ რუსეთის გადაწყვეტილება დამოკიდებული არ იქნება დასავლეთის ქცევა-მოქმედებაზე.

ვლადიმერ პუტინმა რომ თითი დააჭიროს ბირთვულ ღილაკს, ამისათვის სამი ფაქტორის ურთიერთშეთავსება უნდა არსებობდეს:

პირველი – ეს არის ის, თუ როგორ ხედავს ვლადიმერ პუტინი მოვლენების განვითარებას უკრაინის ფრონტზე. გავრცელებულია აზრი, რომ რუსეთის ბირთვული იარაღის გამოყენებას მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაწყვეტს, თუ კრემლი უკრაინაში დამარცხების პირას აღმოჩნდება. ხმები, რომ პუტინი ატომურ რაკეტებს გამოიყენებსო, განსაკუთრებით გავრცელდა 2022 წლის შემოდგომაზე, როცა უკრაინის ჯარებმა რუსეთის არმიას ხერსონიდან და ხარკოვიდან უკან დაახევინეს. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ლოგიკა მთლად ზუსტი არ არის, ის მაინც შეიძლება ერთ-ერთი ფაქტორი იყოს.

მეორე – რუსეთის საშინაო პოლიტიკური სტაბილურობა. მართალია, „ვაგნერელი“ მეამბოხე ევგენი პრიგოჟინი უკვე მკვდარია, ხოლო ჰოლანდიური სამგზავრო თვითმფრინავის ჩამომგდები იგორ გირკინი ციხეშია, ტოტალური ომის მოსურნე ულტრანაციონალისტები ვლადიმერ პუტინისათვის ყველაზე მთავარ მუქარას წარმოადგენენ. მას შემდეგ, რაც ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ვლადიმერ ჟირინოვსკი 1990-იანი წლების შუახანებში ევროპას და იაპონიას ბირთვული რაკეტებით დაემუქრა, ამ პარტიის ფრაქციამ სახელმწიფო სათათბიროში ლობირება გაუწია ბირთვული იარაღის გამოყენების ზღურბლის დაწევას. გარდა ამისა, თუ გავიხსენებთ, რომ ულტრანაციონალისტებმა ვლადიმერ პუტინი მობილიზაციის გამოცხადებაზე უკვე აიძულეს, ალბათ, არც იმაზე დაიხევენ უკან, რომ პრეზიდენტს ბირთვული იარაღის გამოყენებისაკენ უბიძგონ.

მესამე – ჩინეთის პოპულისტური პოზიცია. იმდენად, რამდენადაც ჩინეთს სურს ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში ამერიკული ატომური გემების ცურვა შეზღუდოს, ხოლო ჩრდილოეთ კორეას რუსეთისადმი მხარდაჭერა გადაათქმევინოს, პეკინი მოსკოვს მოუწოდებს, რომ თავი შეიკავოს ატომური იარაღის გამოყენებისაგან. თუ ჩინეთი ტაივანის გამო ჩაბმული აღმოჩნდება დასავლეთთან კონფლიქტში, მაშინ მისი პოზიცია შეიცვლება და კრემლს დახმარებას სთხოვს. ამ შემთხვევაში პუტინმა შეიძლება ბრძანება გასცეს ბირთვული დარტყმისათვის.

და მაინც, დასავლეთს არ უნდა შეეშინდეს უკრაინისათვის მეტი იარაღის მიწოდება ომში გამარჯვების მიზნით. ყველაზე ცუდი იქნება ის, თუ დასავლეთი რუსეთს შესაძლებლობას მისცემს მეტი ტერიტორიები დაიპყროს, ხოლო უკრაინამ კაპიტულაცია განაცხადოს რუსული ბირთვული დარტყმის წინაშე.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: