საქართველოს მომავალი ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, – ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა.
სალივანს ჟურნალისტმა ჰკითხა – „როგორია თქვენი ხედვა სამხრეთ კავკასიაში ჩინეთის ინტერესთან დაკავშირებით, კერძოდ, ააშენოს პორტი შავ ზღვაზე, ასევე, ამავე კონტექსტში, რას ფიქრობთ, საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, სამ დღეში ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი არჩევნებია, წინასაარჩევნო პერიოდი კი, მძიმე ანტიდასავლური რიტორიკის ფონზე წარიმართა“.
„ჩვენ მკაფიოდ გამოვხატეთ ღრმა შეშფოთება საქართველოს საარჩევნო პროცესში დემოკრატიული ინსტიტუტების ტრაექტორიასთან დაკავშირებით. ჩვენ კვლავაც შეშფოთებულები ვართ. საბოლოო ჯამში, საქართველოს მომავალი ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს თავისუფალ და სამართლიან პროცესში. მე არ ვფიქრობ, რომ საქართველოში ვინმეს საკუთარი ქვეყნის ინტერესების სხვის ინტერესებში ჩადება სურდეს, მათ შორის ჩინეთისაში“, – აღნიშნა სალივანმა.