საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის მხრიდან პარლამენტის მუშაობასთან დაკავშირებით გაკეთებული შეფასება სამწუხაროა.
პაპუაშვილის განმარტებით, მხოლოდ ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ევროკომისიის მიერ დასახელებულ 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით, კომიტეტებისა და სამუშაო ჯგუფების 15 სხდომა გაიმართა, რომელშიც რვა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფიდან ხუთი აქტიურად მონაწილეობს.
„მსურს, გამოვეხმაურო პრეზიდენტის მიერ პარლამენტის მუშაობასთან დაკავშირებით გაკეთებულ შეფასებას, თითქოს რიგგარეშე სესიის არგახსნა ნიშნავს, რომ პარლამენტი არ მუშაობს. სამწუხაროა, რომ ასეთი შეფასებები კეთდება მაშინ, როდესაც საგაზაფხულო სესიის დასრულების შემდეგ, როგორც პარლამენტის წევრები, ისე პარლამენტის აპარატის თანამშრომლები ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას. ტარდება კომიტეტების სხდომები, სხვადასხვა საკითხზე მიმდინარეობს საკომიტეტო მოკვლევები, იმართება ევროკომისიის მიერ დასახელებულ 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფების შეხვედრები.
მხოლოდ ბოლო ორი კვირის განმავლობაში, კომიტეტებისა და სამუშაო ჯგუფების 15 სხდომა გაიმართა, რომელშიც 8 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფიდან 5 აქტიურად მონაწილეობს.
მნიშვნელოვანია, რომ ხალხის წარმომადგენლების, ისევე, როგორც პარლამენტის აპარატის მუშაობასთან დაკავშირებით გაკეთებული შეცდომაში შემყვანი განცხადებებით, ზიანი არ მივაყენოთ დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ ხალხის ნდობას“, – წერს შალვა პაპუაშვილი.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს განაცხადა: „ევროპული პერსპექტივა არის გადადგმული ნაბიჯი, რომელზეც უკან დახევა არ იქნება, მაგრამ რომელიც მოითხოვს ჩვენგან, რომ ღირსნი ვიყოთ ამ ევროპული პერსპექტივის. მეორე მხრივ, შეიძლება, უახლოესი მომავლისთვის უფრო მნიშვნელოვანი არის ის განცხადება, რომ ჩვენ მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი წლის ბოლოს, თუ შევასრულებთ იმ მთავარ რეკომენდაციებს, რასაც ვეძახით 12 პუნქტს, რომელზეც უნდა დაიწყოს მუშაობა. ეს მუშაობა უნდა დაიწყოს ჯერ ერთი ბრიუსელში, სადაც მე კიდევ ველოდები, რომ აქედან წავიდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, რათა კომისიასთან გაარკვიონ ზოგიერთი დეტალი და როგორ უნდა შესრულდეს ამ პუნქტების ზოგიერთი ნაწილი. მუშაობა უნდა დაიწყოს პარლამენტში და ამისთვის მოვაწერე ხელი განცხადებას, რომ შედგეს საზაფხულო სესია, რამეთუ ჩვენ როცა გვაქვს ექვსი თვე, სრულიად გაუგებარი არის და მგონი, გაუგებარია ჩვენი ევროპალმენტარი მეგობრებისთვის, არ დავიწყოთ მუშაობა ახლავე“.