ხელისუფლების გადატრიალების მცდელობით რომელი ძალები არიან დაინტერესებულნი და ვინ ფიქრობს ამაზე, ყველამ კარგად იცის. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას, მას ჰქონია ინფორმაცია დანაშაულთან დაკავშირებით და უნდა ეთანამშრომლოს შესაბამის ორგანოებს, თუ მას ამოძრავებს სახელმწიფო ინტერესები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი განცხადებებს ხშირად მარტივად აკეთებს.
„ჩვენ ვიცით, მიჩვეულები ვართ მისგან, რომ ძალიან მარტივად აკეთებს ხოლმე განცხადებებს, დიდი პასუხისმგებლობა არ აქვს ამ კაცს საკუთარი განცხადებების მიმართ. აქედან გამომდინარე, სერიოზულად ვერ მოვეკიდებით ასეთ განცხადებას, მაგრამ თუ აქვს ინფორმაცია დანაშაულთან დაკავშირებით, კეთილი ინებოს და ეთანამშრომლოს საგამოძიებო სტრუქტურებს“, – განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ დღეს ქვეყანა უნდა იყოს მობილიზებული, რადგან საფრთხის ქვეშ იმყოფება. სააკაშვილის თქმით, საქართველოში შემოსულია დივერსიული ჯგუფი, რის გამოც „სამოქალაქო თავდაცვისთვის“ ცხელი ხაზის შექმნა სურს.