სებ-ის ქმედებები იყო სრულიად კანონიერი, მართებული და დროული – ლევან სურგულაძე ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების ხარჯვაზე

ნამდვილად არ მესმის რას ემსახურება და რა აზრი აქვს ეროვნული ბანკის რეზერვების შესახებ კვლავ წამოწყებულ პოლემიკას: უნდა გამოეყენებინა თუ არა ეროვნულ ბანკს რეზერვები რათა შეემცირებინა და დაესტაბილურებინა ლარის აჟიოტაჟური ვოლატილობა, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფინანსისტი, საპენსიო სააგენტოს ყოფილი დირექტორი ლევან სურგულაძე წერს.

მისი თქმით, სებ-ის ქმედებები იყო სრულიად კანონიერი, მართებული და დროული.

“ხომ შევთანხმდით და ოპონენტებიც ცალსახად დაგვეთანხმნენ: ეროვნული ბანკის კონსტიტუციური ვალდებულებაა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი რათა უზრუნველყოს ფინანსური სისტემის და ფასების სტაბილურობა. ლარის აჟიოტაჟური გაუფასურება, მაშინ როდესაც ამის ეკონომიკური საფუძვლები არ არსებობენ, სწორედაც რომ ფასებს და ფინანსური სისტემის სტაბილურობას დააზიანებდნენ. დიახ, ეროვნული ბანკის ქმედებები იყო სრულიად კანონიერი, მართებული და დროული. ოპონენტები აპელირებენ გამოყენებული რეზერვის ოდენობაზე, მაშინ როდესაც არცერთი კანონი თუ კანონქვემდებარე რეგულაცია ეროვნულ ბანკს არ ზღუდავს გამოყენებული რეზერვის ოდენობაში. აქვე დავამატებდი, რომ რეზერვების დონე დინამიკური მაჩვენებელია და წლის განმავლობაში მუდმივად იცვლება სხვადასხვა ფაქტორების ზემოქმედებით – სებ-ის სავალუტო ყიდვა-გაყიდვები; საგარეო ვალის მომსახურება; სახელმწიფო საწარმოების კონვერტაციები და სხვა ფაქტორებიც, მათ შორის, ძალიან მნიშვნელოვანი: ლარის გაცვლითი კურსის არასისტემური ვოლატილობისგან (რყევა) სავალუტო ბაზრის და საერთოდ ფინანსური სისტემის სტაბილურობის უზრუნველყოფა, მაშინ როდესაც ეს რყევები გამოწვეულია არაეკონომიკური ერთჯერადი ფაქტორებით (როგორც ეს სექტემბერ – ოქტომბერში მოხდა). ეკონომიკა 2024-ში შთამბეჭდავად იზრდება და ეროვნულ ბანკს არ გაუჭირდება რეზერვების კვლავ შევსება. გავიხსენოთ 2023, როდესაც რეზერვებში დამატებით რეკორდული 1.3 მილიარდი დოლარის აკუმულირება მოხერხდა. სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოს პირობებში რეზერვების კვლავ შევსება შედარებით სწრაფად იქნება შესაძლებელი. 2007 წელს, მაგალითად, ეროვნული ბანკის რეზერვები 1 მილიარდ 159 მილიონი დოლარი იყო (პრეზიდენტი, ბატონი რომან გოცირიძე) და არ დავქცეულვართ ბოლოს და ბოლოს, ახლა “კუპონების ერაზე” აღარ ვისაუბრებ. რაც ყველაზე მთავარია, ეროვნულმა ბანკმა შეასრულა თავისი კონსტიტუციური ვალდებულება – დაიცვა ფინანსური სისტემის და ბაზარზე ფასების სტაბილურობა. ვფიქრობ, ამ საკითხზე არგუმენტები ორივე მხრიდან ამოწურულია და ეს პოლემიკაც აქ უნდა დავასრულოთ“, – წერს სოციალურ ქსელში ლევან სურგულაძე.