“საქართველოსთვის სტატუსის მინიჭება პოლარიზაციას ვერ დაასრულებს”-კობახიძე

ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭება პოლარიზაციას ვერ დაასრულებს, მაგრამ ფუნდამენტურ ცვლილებას შეიტანს საერთო პოლიტიკურ გარემოში, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით ანგარიშს წარადგენს.

მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიცია კანდიდატის სტატუსის საკითხს ბოროტად იყენებს, რათა პოლარიზაცია გააღვივოს.

„ხედავთ, რომ ბოლო ერთი წლის, თვეების განმავლობაში მთავარი თემა, რაზეც რადიკალური ოპოზიცია აგებს პოლარიზაციის კამპანიას, სწორედ კანდიდატის სტატუსია. სამწუხაროდ, ამ მნიშვნელოვან თემასაც კი ბოროტად იყენებენ, რათა პოლარიზაცია გააღვივიონ. ეს არის მთავარი ინსტრუმენტი მათ ხელში, რომლითაც აღვივებენ პოლარიზაციას. რა თქმა უნდა, კანდიდატის სტატუსის მინიჭება ჩვენი ქვეყნისთვის ავტომატურად შეცვლის ამ მდგომარეობას. ბოლომდე ვერ დაასრულებს პოლარიზაციას, მაგრამ არსებით ცვლილებას შეიტანს იმ მდგომარეობაში, რაც დაკავშირებულია პოლარიზაციასთან. ამ კუთხითაც უნდა გვქონდეს იმედი, რომ საბოლოო ჯამში, კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, ნებისმიერი ქვეყნის ხელისუფლების ინტერესებშია სიმშვიდე, ქვეყანაში არ ირსებობდეს პოლარიზაცია.

„უხეშ რიტორიკას რაც შეეხება, ძალიან რთული საკითხია, ცალმხრივად ამ პრობლემას ვერ მოაგვარებ. როცა მეორე მხრიდან, რა თქმა უნდა, ოპოზიციაზე ვსაუბრობ, ხან პრორუსულს გეძახიან, ხან რუსულს, პუტინისტს და ასე შემდეგ, შეუძლებელია, ამ ყველაფერს პასუხი არ გასცე. აქედან გამომდინარე, რთული საკითხია პრობლემის მოგვარება. სუბიექტურადაც დაინტერესებულია ნებისმიერი ხელისუფლება ნებისმიერ ქვეყანაში, რომ არ ჰქონდეს პოლარიზაცია, ოთხი წლის განმავლობაში მშვიდად მართოს ქვეყანა. ეს არის არა მარტო ობიექტური ინტერესი, არამედ ხელისუფლების სუბიექტური ინტერესია, სიმშვიდე ხელისუფლების სუბიექტურ ინტერესებშია. აქედან გამომდინარე, ნათელია, ვის აწყობს პოლარიზაცია. რასაც ეძახიან პოლარიზაციას, სინამდვილეში არის რადიკალიზმი. პოლარიზაცია არის ტერმინი, რომელიც უბრალოდ პასუხისმგებლობას ანაწილებს ოპოზიციასა და ხელისუფლებაზე. სინამდვილეში, პრობლემა არის რადიკალიზმი. ოპოზიცია როცა გეძახის რუსს, პუტინისტს და ასე შემდეგ, შენ იძულებული ხარ, უპასუხო. სამწუხაროდ, ასე გრძელდება. ეს პროცესი არის ჩაკეტილი წრე. არ ვიცი, როგორ უნდა გავარღვიოთ ჩაკეტილი წრე, მაგრამ კანდიდატის სტატუსის მინიჭება ყველა შემთხვევაში, ძალიან დადებით როლს შეასრულებს პოლარიზაციის ხარისხის შემცირებაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.