“საქართველოში მომხდარი მოვლენები კიევის მაიდანს მოგვაგონებს“ – სერგეი ლავროვი

„საქართველოში ამ დღეებში მომხდარი მოვლენები ძალიან ჰგავს კიევის მაიდანს“. ამის შესახებ რუსეთის საგარეოს საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. ინფორმაციას „ტასი“ ავრცელებს. 

„ძალიან ჰგავს კიევის მაიდანს, „უცხოური აგენტების“ კანონპროექტის გარშემო არსებული სიტუაცია მხოლოდ საბაბი იყო ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის მოსაწყობად,“- განაცხადა ლავროვმა გადაცემაში „დიდი თამაში“.

 
 

ლავროვის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციათა უმეტესობა საქართველოში დასავლეთიდან ფინანსდება და ისინი თავისი პატრონების ინტერესებს ემსახურებიან. მინისტრის აზრით, საქართველოში მოვლენები საზღვარგარეთიდან იმართება და მისი მიზანი რუსეთის საზღვართან დაძაბულობის კერის შექმნაა.

მანამდე თბილისში 7-8 მარტს მომხდარ მოვლენებს რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები, დუმის დეპუტატები და პროპაგანდისტები გამოეხმაურნენ. ყველანი ამაში შეერთებულ შტატებს და დასავლეთს ადანაშაულებენ.