საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენამ, შესაძლოა, საქართველოს აეროპორტებში არსებული კომპანიების დასანქცირება გამოიწვიოს – ვედანტ პატელი

საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენამ, შესაძლოა, საქართველოს აეროპორტებში არსებული კომპანიების დასანქცირება გამოიწვიოს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ვედანტ პატელმა განაცხადა.

 

“მრავალი დასავლური ქვეყანა, მათ შორის აშშ, უკრძალავს რუსულ თვითმფრინავებს თავიანთ საჰაერო სივრცეში შესვლას. თუ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება, ჩვენ, რა თქმა უნდა, შევშფოთდებით იმით, რომ კომპანიები საქართველოს აეროპორტებში, შესაძლოა, დასანქცირების რისკის ქვეშ დადგნენ, თუ ისინი მოემსახურებიან იმ თვითმფრინავებს, რომელთა მიმართაც მოქმედებს იმპორტისა და ექსპორტის კონტროლი.

 

მთელი დასავლური საზოგადოება დისტანცირდა რუსული რეჟიმისგან და ახლა არცერთი ქვეყნისთვის არ არის იმის დრო, რომ გაზარდოს საქმიანობა რუსეთთან. ქართველი ხალხი ამჯობინებს, რუსეთმა გაიყვანოს თავისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების 20 პროცენტიდან, ვიდრე პირდაპირი ფრენები აღადგინოს ან სავიზო რეჟიმი გააუქმოს“, – განაცხადა პატელმა.