“საქართველოს სიფრთხილეც და გაბედულებაც მართებს, რომ საზოგადოება არ დაკარგოს”- გია მურღულია

“ძლიერ და მდგრად საზოგადოებას ოთხი რამ ქმნის და ინარჩუნებს:
 
1. სიყვარული
 
2. გონიერება
 
3. პასუხისმგებლობა
 
4. მეხსიერება
 
პირველი – საერთო მიზანს გამაერთიანებელი სიყვარულით გამსჭვალული ერთობა დასახავს და მიაღწევს;
 
მეორე – რასაც დაისახავს, მის არსებასა და მიღწევის ალგორითმს (გადასადგმელ ნაბიჯთა მნიშვნელობასა და თანმიმდევრობას) კარგად გაიაზრებს და, თუ საჭირო გახდა, მომენტისა თუ ვითარებისთვის უფრო შესაფერისი რაციონალურობით შეცვლის);
 
მესამე – თითოეული მონაწილე (მოქალაქე) საკუთარ თავს მოსთხოვს პასუხს წარმატებაზეც და წარუმატებლობაზეც;
 
მეოთხე – ადამიანები არასდროს დაივიწყებენ მთავარ ღირებულებებს, რომელთა გამოც და რომლებზე დაყრდნობითაც შექმნეს საზოგადოება.
 
ერთი ნიშანიც რომ დააკლდეს, საზოგადოება რღვევას იწყებს – ერთიანი მიზნის ნაცვლად მის შიგნით (სხვადასხვა პოლიტიკურ თუ სოციალურ ჯგუფთა ინტერესებზე დაყრდნობით) ბევრი მიზანი ჩნდება, რაც გაუთავებელი კონფრონტაციისა და მომაკვდინებელი დაპირისპირების საშიშროებას კი არა – გარანტიას ქმნის.
 
საქართველოს სიფრთხილეც და გაბედულებაც მართებს, რომ საზოგადოება არ დაკარგოს.
 
აქედან სახელმწიფოს დაკარგვამდე ერთი პატარა ნაბიჯია.” – წერს სოციალურ ქსელში ფილოლოგიის დოქტორი, გია მურღულია