საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანალენა ბერბოკთან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებული საკითხები განიხილა.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში გამათული შეხვედრისას განაცხადა, საქართველოს მოსახლეობა ევროკავშირის კადიდატის სტატუსთან დაკავშირებით მეორე უარს ვერ გაიგებს და ასეთ რთულ ვითარებაში თავს ჩათვლის ევროპისგან მიტოვებულად.
პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოს პარტნიორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის მნიშვნელობას, როგორც გერმანიის მხრიდან საქართველოს დამოუკიდებლობისა და ევროინტეგრაციის უწყვეტი მხარდაჭერის გამოხატულებას.
„აშშ-ში ჩემი ბოლო ვიზიტისას სატელეფონო საუბარი მქონდა გერმანიის პრეზიდენტთან, რომელმაც დამიდასტურა საქართველოს ურყევი მხარდაჭერა და თქვენი აქ ყოფნაც ამის ნათელი დადასტურებაა“, – მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს.
თავის მხრივ, როგორც ანალენა ბერბოკმა აღნიშნა, აქ იმყოფება იმიტომ, რომ საქართველოს და მისი მოსახლეობის ევროკავშირში ხილვა სურს.
„ამიტომ ვარ აქ და ეს არის ის, რასაც ჩემი მთავრობა უჭერს მხარს. საქართველოს სჭირდება რეფორმების გაგრძელება, რათა კანდიდატის სტატუსი მიიღოს“, – განაცხადა ბერბოკმა.