“საქართველოს ელჩს დილით გამოვიძახებთ და მასთან სათანადო საუბარი გვექნება”- დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის კადრების გამოქვეყნების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს.

„ევროპეისკაია პრავდას“ ცნობით, ამ საკითხზე მან უკრაინულ მედიასთან სატელევიზიო ინტერვიუში ისაუბრა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ სააკაშვილის დღევანდელი სასამართლო პროცესის კადრების გამოქვეყნების შემდეგ, „ყველაფერმა პიკს მიაღწია“, რის გამოც კიევმა „მკვეთრი, მაგრამ სამართლიანი ნაბიჯი“ გადადგა.

„როდესაც სახელმწიფო რაღაცით უკმაყოფილოა, პირველი რეაქცია არის პროტესტი. მეორე არის ელჩის კონსულტაციებისთვის გამოძახება და რეაქციის მესამე დონე, რამდენიმე საფეხურით მაღალი სიმძიმით, არის სთხოვო ამ ქვეყნის ელჩს, დატოვოს უკრაინა თავის მთავრობასთან კონსულტაციებისთვის. დიპლომატიაში ეს უკიდურესად მკაცრი ფორმაა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება ამას იმსახურებს“, – განაცხადა კულებამ.

მისი თქმით, საქართველოს ელჩს დღეს დილით გამოიძახებენ, და „მასთან სათანადო საუბარი ექნებათ“.