საქართველოს აქვს უზარმაზარი პოტენციალი, იმისთვის, რომ ძალიან ბევრი სარგებელი მოუტანოს თავად ევროპას – ილია დარჩიაშვილი

საქართველოს აქვს უზარმაზარი პოტენციალი, იმისთვის, რომ ძალიან ბევრი სარგებელი მოუტანოს თავად ევროპას,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილიაა დარჩიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
ილია დარჩიაშვილის თქმით, სტატუსის მიღების შემდეგ, საქართველოს ევროპული მომავალი არ არის მხოლოდ საქართველოს მომავალი, ეს არის მომავალი ევროპისა და ევროპული ოჯახის.

 

„ევროპის პოლიტიკური გაერთიანება ვფიქრობ, ძალიან კარგი მექანიზმია, იმისთვის, რომ იმ ქვეყნებმა, რომლებიც მიისწრაფვიან ევროპულ ოჯახში გასაერთიანებლად, მათთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრონ. მორიგი შეხვედრა, სამიტის შეკრება გაერთიანებულ სამეფოში იყო ძალიან წარმატებული. მადლობა გაერთიანებული სამეფოს ახალ მთავრობას კარგი მასპინძლობისთვის, იმ შესაძლებლობისთვის, რომლებიც ქვეყნებს მიეცათ, მათ შორის საქართველოს. ჩვენ ძალიან დიდი ხანი, ვსაუბრობდით, რომ საქართველოს აქვს უზარმაზარი პოტენციალი, იმისთვის, რომ ძალიან ბევრი სარგებელი მოუტანოს თავად ევროპას. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ საქართველოს ევროპული მომავალი, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ მიიღო სტატუსი, არ არის მხოლოდ საქართველოს მომავალი, ეს არის მომავალი ევროპისა და ევროპული ოჯახის.
შესაბამისად, დღეს ყველა ხვდება, რომ საქართველოს აქვს განსაკუთრებული როლი ამ პროცესში. საქართველოს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, დააკავშიროს აღმოსავლეთი და დასავლეთი, ევროპა და აზია. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა, ერთი მხრივ, შეუქცევადად გავაგრძელოთ ევროპული ინტეგრაცია და მეორე მხრივ, ყველა შესაძლებლობა გამოვიყენოთ, რომ ქვეყანა იყოს ეფექტური მაკავშირებელი ფუნქციით და ჩვენ ამას აუცილებლად გავაგრძელებთ.
საქართველოს ჰქონდა კონკრეტული ინიციატივები ენერგეტიკის დაკავშირებადობის თვალსაზრისით და მნიშვნელოვანია, რომ ეს ინიციატივები მოხვდა ამ დოკუმენტში. საქართველოს აქვს და მომავალშიც ექნება კონკრეტული როლი ამ მიმართულებით. ევროპის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში საქართველო ყოველთვის შეასრულებს ძალიან ღირებულ როლს და ეს მომავალშიც აუცილებლად იქნება ხილვადი”, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.