6-8 ნოემბერს, საქართველოში აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების, მათ შორის, ესპანეთის, როგორც ევროკავშირის საბჭოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის, საგანგებო დავალებათა ელჩების დელეგაციის ვიზიტი იმართება. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, დელეგაციას საგარეო უწყების ხელმძღვანელი, ილია დარჩიაშვილი სამუშაო ლანჩის ფორმატში შეხვდება.
„ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციასთან შეხვედრას გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები.
ვიზიტის ფარგლებში, ელჩები ეწვევიან საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობიან უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას.
აღნიშნული ვიზიტი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის უმნიშვნელოვანეს ეტაპზე ხორციელდება, რამდენადაც წინ უსწრებს ევროკომისიის მიერ ე.წ. „გაფართოების პაკეტის“ გამოქვეყნებას.
ამ ფონზე, ევროკავშირის 20-მდე წევრი ქვეყნის წარმომადგენლობითი დელეგაციის ვიზიტი განსაკუთრებული დატვირთვის მატარებელია და ქვეყნისთვის ასეთ მნიშვნელოვან პერიოდში ევროკავშირის მხრიდან მხარდაჭერის კიდევ ერთ ნათელ მაგალითს წარმოადგენს.
აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების საგანგებო დავალებათა ელჩებს ვიზიტის ფარგლებში საშუალება ექნებათ ადგილზე გაეცნონ ქვეყანაში განხორციელებულ თუ მიმდინარე რეფორმებსა და ამ მხრივ უკვე არსებულ მნიშვნელოვან შედეგებს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.