„საზოგადოების პოლიტიკური პოლარიზაცია მთელ ევროპაში და დასავლეთში იზრდება, მაგრამ არასად არ გამოიხატება ეს მოვლენა ისე ნათლად და აქტიურად, როგორც ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში – საქართველოში“, – ნათქვამია ბრიტანულ გაზეთ „გარდიანში“ (The Guardian) 15 ივლისს გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „საქართველო რუსეთისა და დასავლეთის ბრძოლის წინა ხაზზე იმყოფება. გადაიტანს თუ არა ამას ქართული დემოკრატია?“ (ავტორი – ნატალი ტოჩი).
პუბლიკაციაში განხილული და გაანალიზებულია საქართველოში შექმნილი სიტუაცია, ხელისუფლებისა და ოპოზიციის კონფრონტაცია რიგი „ანტიდემოკრატიული“ კანონების მიღების გამო, ყურადღება ეთმობა საქართველოს საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციის საკითხებს, აგრეთვე ქართული პოლიტიკური სპექტრის მზადებას ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით.
გთავაზობთ სტატიის შემოკლებულ ვერსიას:
მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ ნიღაბი მოიხსნა. აპრილში თავისი ჰიპერბოლური გამოსვლის შემდეგ, საქართველოს არაოფიციალურმა ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ტოტალური შეტევა დაიწყო ლიბერალურ დასავლეთზე, მმართველი პარტია აქტიურად ავრცელებს „შეთქმულების თეორიებს“ ე.წ. „ომის გლობალური პარტიის“ არსებობაზე, რომელსაც თურმე მასონები, ხალხის მტრები, მოღალატეები და უცხოეთის აგენტები ხელმძღვანელობენ.
საინტერესოა, რომ დასავლეთის კრიტიკის კვალობაზე, „ქართული ოცნება“ არ აცხადებს, რომ მას ევროატლანტიკური გზიდან გადახვევა სურს, პირიქით – ის ამაყობს იმით, რომ ბრიუსელმა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა. თავის მხრივ, ევროკავშირი ცდილობს საქართველო სწორ გზაზე დააბრუნოს: დაგმო როგორც მმართველი პარტიის მიერ მიღებული არადემოკრატიული კანონები, ასევე ოპოზიციური აქციების წინააღმდეგ ძალის გამოყენება, მაგრამ, სამწუხაროდ, უშედეგოდ.
თავდაპირველად, დასავლელი (ამერიკელ-ევროპელი) ლიდერების და ორგანიზაციების კრიტიკა რბილი იყო, მაგრამ ბოლო დროს ბრიუსელი და ვაშინგტონის ხმა გამკაცრდა: გაიყინა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და ფინანსური დახმარებები (დაახლ. 3 მილიარდი ევროს მოცულობით) და სხვა. ამასთან, აუცილებელია ითქვას, რომ ოფიციალური თბილისის მიმართ მეტი სიმკაცრეა საჭირო, აუცილებელია მმართველი რეჟიმის პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ პერსონალური სანქციების ამოქმედება. თუ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ისევ „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს და მისი ავტორიტარული პოლიტიკა გაგრძელდება, მაშინ ევროკავშირმა საქართველოსთან უვიზო რეჟიმიც უნდა გააუქმოს.
ოპოზიციამ კარგად იცის, რომ საშემოდგომო არჩევნები მისთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს წარმოადგენს. ისინი მზად არიან ქვეყნის სახელის აღდგენისათვის იბრძოლონ. როგორც ერთ-ერთი ცნობილი მეცნიერი და ოპოზიციური მოღვაწე ამბობს, „მმართველმა პარტიამ ქვეყანა უკვე წააგო. ეს [არჩევნები] ჩვენს ბოლო შანსს წარმოადგენს ქვეყნის აღდგენის მიზნით“. ოპოზიციის ლიდერები ტაქტიკურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ ერთიანი საარჩევნო ალიანსის შექმნის მიზნით. მათ არ სურთ პარლამენტში არჩევის შანსის ხელიდან გაშვება, რადგან აცნობიერებენ: ეს იქნება საქართველოში ლიბერალური დემოკრატიის აღდგენის ბოლო მცდელობა.
მაგრამ, სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ მათ აშკარად სჯობნის – კარგად აწყობილი პროპაგანდისტული მანქანით, ფინანსური ფონდების, პოლიციის და სხვა ორგანოების მეშვეობით. „ქართული ოცნება“ აგიტაციას ეწევა, რომ მისი პოლიტიკა მშვიდობის დაცვას ემსახურება. ხელისუფლების მტკიცებით, საქართველო რუსეთის ხაფანგში 2008 წელს მოხვდა იმდროინდელი რეჟიმის ხელმძღვანელის, მიხეილ სააკაშვილის უპასუხისმგებლო მოქმედების წყალობით, დღევანდელი მთავრობა კი მშვიდობის დამცველია. „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ დღევანდელი ოპოზიცია „ომის გლობალური პარტიის“ ინტერესებს ემსახურება და ქვეყნის რუსეთ-უკრაინის ომში ჩათრევა სურს.
ოპოზიციასაც აქვს თავისი სათქმელი: მათი მტკიცებით, ხელისუფლება ასეთი განცხადებებით მოსკოვთან თავისი კავშირების შენიღბვას ცდილობს. ოპოზიცია კავშირებს ამყარებს ევროპულ ორგანიზაციებთან და მოსახლეობას განუმარტავს, რომ მხოლოდ დასავლეთის წყალობით შეინარჩუნებს საქართველო დამოუკიდებლობას და თავს დააღწევს პოსტსაბჭოური ავტორიტარიზმის ჭაობს. გამოდიან რა პარლამენტში სახელისუფლებო პარტიის წევრთა უმრავლესობით მიღებული „პრორუსული“ კანონების წინააღმდეგ, ოპოზიციონერები აცხადებენ, რომ მათ აქვთ მოსახლეობის მობილიზების შესაძლებლობები, რათა საქართველო თავის ჭეშმარიტ გზას დაუბრუნდეს.
მაგრამ ამის გაკეთება იოლი არ არის. „ქართულ ოცნებას“ მხარს უჭერს რუსეთის მმართველი პარტია „ედინაია როსია“, ოპოზიციას კი – თავისი პრობლემებით სავსე დაბნეული და დანაწევრებული დასავლეთი. ის, რაც დასავლეთში ხდება (უთანხმოება და განხეთქილება), საქართველოში ზუსტად მეორდება. ქართველებმა იციან, რომ მათი დამოუკიდებლობა და თავისუფლება, მათი მომავალი დასავლეთშია, მაგრამ როგორი იქნება პერსპექტივაში თვითონ დასავლეთი? როგორი იქნება ის – ღია, დემოკრატიული, კანონდამცველი თუ დახურული, ნაციონალისტური და სოციალურად კონსერვატიული? თუ დასავლეთი ისეთი იქნება, როგორსაც უნგრელი ვიქტორ ორბანი, ფრანგი მარინ ლე პენი, იტალიელი ჯორჯა მელონი და ნიდერლანდელი ჰერტ ვილდერსი წარმოადგენენ – ატლანტიკის აქეთ, ხოლო იქით – ამერიკელი დონალდ ტრამპი, მაშინ ბიძინა ივანიშვილს სრულიად აწყობს ასეთი დასავლეთი და პროდასავლურობა. ალბათ, ვლადიმერ პუტინიც ასე მოიქცეოდა.
ის, რაც პატარა საქართველოში ხდება, დასავლეთში ლიბერალური დემოკრატიის შესანარჩუნებლად მიმდინარე ბრძოლის მიკროკოსმიურ (მინიატურულ) ასახვას წარმოადგენს. მრავალი წლის განმავლობაში ქართველი დემოკრატები თავიანთ დასავლელ პარტნიორებს მოუწოდებდნენ გაეცნობიერებინათ ის საფრთხე, რომელიც რუსეთიდან პერმანენტულად მოდიოდა, მაგრამ უშედეგოდ. როცა დასავლეთს თვალი მხოლოდ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ აეხილა, საქართველო, უკვე რუსეთისაკენ მზერა დაიწყო. ეს ისტორიის ტრაგიკულ განმეორებას ნიშნავს. პარადოქსულია, მაგრამ ეს ხდება ისეთ მომენტში, როცა თბილისი ევროკავშირის ერთი ნაბიჯით კიდევ მიუახლოვდა…
ძველ დემოკრატიულ ქვეყნებში, სადაც სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინსტიტუტები უფრო ძლიერია, ლიბერალური დემოკრატიას შესწევს წინააღმდეგობა გაუწიოს ავტოკრატებს, ნაციონალისტებს და პოპულისტებს. ახალგაზრდა და მყიფე სტრუქტურების მქონე ქვეყნებში კი, რომლებიც რუსეთის წინაშე დგანან, დემოკრატიას დახმარება და გადარჩენა ჭირდება. თუ ასე არ მოხდება, საწინააღმდეგო შემთხვევაში, ყველაფერი შეიძლება „აფეთქებით“ [არეულობით] დასრულდეს.
წყარო