“ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი, ანა წითლიძე, აცხადებს, რომ ხელისუფლების შესაცვლელად აუცილებელია ქვეყანაში გაგრძელდეს ფართომასშტაბიანი და მშვიდობიანი აქციები.
ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რადიო “ჯორჯიან თაიმსის” ეთერში, გადაცემაში “დროული დიალოგი” ეკა სეხნიაშვილთან ერთად, განაცხადა.
“ნებისმიერი მექანიზმი, რაც დაასუსტებს ბიძინა ივანიშვილს, უნდა გამოვიყენოთ. მე საერთოდ წინააღმდეგი ვიყავი პარლამენტში შესვლის, თავიდანვე. ახლა საჭიროა გვქონდეს კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები. მაგრამ საპარლამენტო მანდატების დატოვება უნდა იყოს ბოლო ლურსმნის დაჭედება “ქართული ოცნებისთვის” და არა უბრალოდ ნაბიჯი. ეს უნდა იყოს ის ნაბიჯი, რომელიც სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის მმართველ გუნდს. ამის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სრულიად საპარლამენტო ოპოზიციამ. ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და აუცილებლად შეიცვლება. ამისთვის საჭიროა ფართომასშტაბიანი, პერმანენტული და მშვიდობიანი აქციები”, – განაცხადა ანა წითლიძემ.