სალომე ზურაბიშვილს ქვეყანა არც აუშენებია და არც დაუქცევია – საბედნიეროდ, ქვეყნის დაქცევის ბერკეტი არ აქვს კონსტიტუციით მინიჭებული, მაგრამ რაც აქვს იმასაც იყენებს საბოტაჟისთვის და ესეც არ ეყო, კონსტიტუცია დაარღვია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, პარლამენტი და მთავრობა სათანადო პოზიციებზე დგანან, იმისათვის, რომ პრეზიდენტს საბოტაჟის წარმატებით განხორციელების საშუალება არ მისცენ.
„5 წელი იყო ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტი. ქვეყანა არც აუშენებია და არც დაუქცევია. რა თქმა უნდა, პრობლემებს უქმნიდა თავისი საბოტაჟით ქართულ სახელმწიფოს, რომელსაც ის 2021 წლიდან მოყოლებული აწარმოებდა, მაგრამ მას არ აქვს ქვეყნის დაქცევის რესურსი,“ – განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება მოწინააღმდეგე მხარეს – კობახიძის შეფასებით, პრეზიდენტის წარმომადგენლობას არგუმენტები არ აქვს.
„ჩვენგან არის არგუმენტები, იქიდან არის აბსოლუტურად ნული არგუმენტი. ერთი-ორი მცდელობა იყო, რომ სამართლებრივი ჩარჩოებიდან გავსულიყავით, თუმცა ჩვენ, რა თქმა უნდა, პრეზიდენტის წარმომადგენლობას ამის საშუალებას არ მივცემთ,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მოსამართლეებმა სასამართლო პროცესზე დისკუსია აბსოლუტურად სწორად წარმართეს.
„რა იყო კრიტიკული და მწვავე? მოსამართლეები აბსოლუტურად სწორად წარმართავდნენ დისკუსიას, რომელიც გაიმართა. ეს არის მოსამართლის ფუნქცია, რომ ყველა შესაძლო საკითხთან დაკავშირებით კითხვები დასვას. ამას მოსამართლეები ძალიან კომპეტენტურად, სწორად და ლოგიკურად აკეთებდნენ,“ – აღნიშნა მან.