საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 2024 წლის 19 აპრილს, საქართველოს პარლამენტის მიერ მ მიღებულ „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებს ვეტო დაადო.
“ვეტო დავადე ე.წ ოფშორების კანონს და ვეტოს დავადებ ყველა იმ კანონპროექტს, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.
საქართველოს იდენტობა ევროპულია და ურყევია ნებისმიერი მცდელობების მიუხედავად” – წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე.
2024 წლის 19 აპრილს, საქართველოს პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით 73 ხმით 9-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.
კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, პაატა კვიჟინაძის განცხადებით, კანონპროექტის თანახმად, ჩამოიწერება ფიზიკური პირის აღიარებული, 2021 წლის პირველ იანვრამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისთვის არსებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი.
კანონპროექტით განისაზღვრება, რომ შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე (მათ შორის, წილზე/აქციაზე) საკუთრების უფლების 2028 წლის პირველ იანვრამდე საქართველოს საწარმოსთვის გადაცემისას ამ ოპერაციის ფარგლებში, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს და პარტნიორი ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი, გათავისუფლებულია მოგების/საშემოსავლო გადასახადისგან.
კანონპროექტის თანახმად, აღნიშნული ოპერაციის ფარგლებში აქტივის/საქონლის საქართველოში შემოტანა/იმპორტი თავისუფლდება იმპორტის გადასახდელებისგან, ხოლო საქართველოს საწარმო ამ ოპერაციის ფარგლებში მიღებულ აქტივთან დაკავშირებით თავისუფლდება ქონების გადასახადისგან, 2030 წლის 1 იანვრამდე.