სალომე ზურაბიშვილის გეგმა იყო, ოპოზიციის ლიდერად წარმოეჩინა თავი. ოპოზიციამ ზურაბიშვილი თავზე არ დაისვა და საშუალება არ მისცა, პრემიერის კანდიდატურა წარედგინა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, ისეთი აბსურდული სურათი დახატეს, რომელიც საზოგადოებაში ადვილად გაიშიფრა და განვითარება ვერ მიეცა.
„სალომე ზურაბიშვილის გეგმა და იდეა იყო ის, რომ ოპოზიციის ლიდერად წარმოეჩინა თავი. არჩევნები როდესაც მოახლოვდა, რასაკვირველია, ოპოზიციამ სალომე ზურაბიშვილი თავზე არ დაისვა და საშუალება არ მისცეს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა წარედგინა. იდეა ერთი იყო, რომ ხალხისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია, თითქოს სისხლიანი და კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ არ მოდის, არამედ ტექნიკური, ინტელექტუალური მთავრობა იქნება ის, ვინც გარკვეული პერიოდის მანძილზე საქართველოს განაგებს. ეს აბსურდული და არაკონსტიტუციური იყო. რასაკვირველია, ამ ლეღვის ფოთლის უკან ის რეალობა ვერ დაიმალა, რასაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ მუდმივად ქადაგებდა.
მათი გეგმა ადვილად გაიშიფრა და არა ოპოზიცია, არამედ საზოგადოება გახდა მიზეზი, რომ ეს გეგმა სალომე ზურაბიშვილმა უკან წაიღო. არაეფექტური იქნებოდა იმის თქმა, რომ პარლამენტში იქნებიან კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სხვადასხვა ფრთის წარმომადგენლები, მაგრამ, მიუხედავად ამისა, სალომე ზურაბიშვილი იქნება ერთადერთი და განუმეორებელი, რომელიც ქვეყნის მართვას აიღებს ხელში. ისეთი აბსურდული სურათი დახატა, რომელიც საზოგადოებაში ადვილად გაიშიფრა და ამას განვითარება ვერ მიეცა. ვფიქრობდი, რომ ეს საკითხი მაინც შეთანხმებული იქნებოდა და შემდეგ გამოავლენდა თავის ბნელ სახეს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, მაგრამ ასე არ მოხდა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.