დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თუ კიდევ ერთხელ დაარღვევს კონსტიტუციას, ძალიან მძიმე იქნება ეს ყველაფერი.
კახა კალაძეს კითხვა დაუსვეს იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტი დანიაში ვიზიტს გეგმავს და ამ ვიზიტის განხორციელებით დაირღვევა თუ არა კონსტიტუცია.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, „არ ვიცი, ახლა რა გადაწყვეტილებას მიიღებს, წავა, არ წავა, თუ კიდევ იმავეს გააკეთებს, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე იქნება ეს ყველაფერი“.
„რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის ვიზიტს, კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა, რომ პრეზიდენტმა, დაარღვია კონსტიტუცია, რაც ძალიან მძიმეა, ძალიან ცუდია. გულდასაწყვეტია, რომ ქვეყნის პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციას. ის პირველი უნდა იყოს, ვინც უნდა იცავდეს კონსტიტუციას“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კითხვაზე, რა რეაგირება შეიძლება მოჰყვეს სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას თუ მან დანიაში წასვლა გადაწყვიტა, კახა კალაძემ აღნიშნა: „ვერ გეტყვით, არ ვიცი, არ მინდა, სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით კიდე რაღაც პოლემიკასა და დეტალებში შესვლა“.